აქტუალური
ირაკლი კობახიძე: გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ქართველ ხალხს - არა, ეს სირცხვილია

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. მოლდოვამ არჩევნების სახით ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა, თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ქართველ ხალხს, ხელისუფლებას – არა, ეს არის სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის 13 ქვეყნის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია „ქართული ოცნების“ მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯებიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე“, რაზეც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა. ამ ფონზე არავითარ ასეთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს. მოლდოვის არჩევნები იყო ნახსენები. მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები. თქვენ ხედავდით, რა მოხდა მოლდოვაში. ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. ჯერ მანამდე რა ხდებოდა, კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით. მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ. მოლდოვას, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა და განცხადებები თუ არის საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით. სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა განცხადებები მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელიც არის დსთ-ის წევრი, მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს და ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა. მე ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 99.32% დათვალა. ბიულეტენების 99.32 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 42.31% აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმიც ჩატარდა. მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.