უცხოეთი
ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან საქართველოში - მოცულობები

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთში 1,25 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა

რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაო“ რუსეთიდან საქართველოში შემოდგომის პერიოდში 300 მგვტ ელექტროენერგიას აწვდის, განაცხადა კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ალექსანდრა პანინამ.

რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორია ენერგეტიკულ სექტორში მხოლოდ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით. 2023 წელს საქართველომ აფხაზეთისთვის რუსეთიდან 790 მლნ კვტ/სთ შეისყიდა. რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველომ რუსეთში 0,18 მლნ კვტ/სთ გაყიდა.

„ახლა საქართველოს ვაწვდით (ელექტროენერგიას - რედ.), სანამ გვაქვს მცირე მოცულობა, რომელიც სისტემურ ოპერატორთან გვაქვს შეთანხმებული, ოქტომბრის განმავლობაში გვაქვს რეგულარული მიწოდება საქართველოში, 300 მეგავატამდე ვაწვდით. ახლა, სანამ ასეთი შესაძლებლობა გაგვაჩნია, კონკრეტულად შემოდგომის პერიოდში. დაიწყება ზამთარი, აცივდება, და საბალანსო სიტუაცია, სავარაუდოდ, შეიცვლება“, - განაცხადა პანინამ.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით (ESCO), 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ რუსეთიდან 417,63 მლნ კვტ/სთ იმპოტყი განახორციელა.

პანინას თქმით, კომპანია „ინტერ-რაომ" აზერბაიჯანსა და საქართველოს სთხოვა 300 მგვტ ელექტროენერგიის დარეზერვება რუსეთში ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მიწოდებისთვის.

მისი თქმით, სისტემური ოპერატორის თხოვნით კომპანიამ მიმართა საქართველოს და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს თხოვნით, რომ საგანგებო პერიოდებში მზად იყვნენ ჩვენთვის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის - 300 მგვტ აზერბაიჯანიდან, 300 მგვტ საქართველოდან.

„ჯერ პასუხი არ უთქვამთ, მაგრამ ჩვენი მხრიდან მოთხოვნა გავაგზავნეთ“, - აღნიშნა პანინამ.

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით თითქმის 3,4%-ით გაიზარდა და 8,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.

ამასთან, რუსული კომპანია „ინტერ-რაო", რომელიც ოპერირებს საქართველოში, ფლობს არა მხოლოდ ენერგოგამანაწილებელ კომპანიებს „თელასს" და „თელმიკოს", არამედ მდინარე ხრამზე ორ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს.

„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის დისტრიბუციასა და განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს.

2003 წლის აგვისტოში „თელასი" ჯგუფ „ინტერ-რაოს" შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ-რაოს" მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო დაახლოებით 25% შპს „ბესტ ენერჯი გრუპის" საკუთრებაა.

sputnik-georgia.com