უცხოეთი
მარკ რუტე - ყველაფერს შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და ნატოს წევრი გახდეს - თუ პუტინს სჯერა, რომ გაიმარჯვებს, ის ვერ გაიმარჯვებს

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ყველაფერს შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და ნატოს წევრი გახდეს. შესაბამისი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკითან ერთად ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც უკრაინა აქ ალიანსის წევრის სტატუსით იქნება. და იქამდე გავაგრძელებთ ყველაფერ შესაძლებელის კეთებას, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის”, - განაცხადა რუტემ.

მან ასევე პუტინისადმი მესიჯი გააჟღერა: “თუ მას სჯერა, რომ გაიმარჯვებს, ის ვერ გაიმარჯვებს”.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მას სჯერა, რომ მოკავშირეებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე “სრული ერთიანობა” არსებობს.

“აქტიურად ვეცდებით იმის მიღწევას, რომ უკრაინას საჭირო ყველაფერი ჰქონდეს რუსეთთან ომის წარმოებისთვის. გავაგრძელებთ ამის კეთებას. და თუ ვინმეს კრემლში ჰგონია, რომ უთანხმოების დათესვით ჩვენ ამას შევწყვეტთ, არა, ეს არ მოხდება. და უკრაინა იქნება ნატოს წევრი. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს”, - განაცხადა რუტემ.

მან აღნიშნა, რომ 40 მილიარდი ევროდან, რომლის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფაზე მოკავშირეები ვაშინგტონის სამიტზე შეთანხმდნენ, 20.9 მილიარდი ევროს დახმარება უკვე გაიცა.

“მთლიანი წლისთვის 40 მილიარდი ევროს მიღწევის გზაზე ვართ. ნატო უკრაინასთან მუშაობს, ალიანსთან გაახლოებთ… არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთი ნატოს საზღვრებთან გათამამდეს, თუ რაიმე ფორმით წარმატებას მიაღწევდნენ უკრაინაში. არ შეგვილია ამის მიღება ჩვენი ღირებულებებისა და უსაფრთხოების ჩვენი კოლექტიური ინტერესების გამო - ლოს-ანჯელესიდან ტირანამდე და ნატოს ტერიტორიაზე, ყველაზე აღმოსავლეთ ქალაქამდე, ამაში ერთიანი ვართ”, - განაცხადა რუტემ.