უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ - სინვარი მოკლეს, როდესაც ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა, „ჰამასი“ აღარ იქნება ღაზის მმართველი, ეს არის „ჰამასის“ დასასრული

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა მათი განადგურების ნიშანია.

„„ჰამასი“ აღარ იქნება ღაზის მმართველი. ეს არის „ჰამასის“ დასასრული. ღაზის მცხოვრებლებო, ეს არის შესაძლებლობა თქვენთვის, საბოლოოდ გათავისუფლდეთ მისი ტირანიისგან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიმართა მძევლების ოჯახების წევრებს და პირობა დადო, რომ განაგრძობენ ბრძოლას იქამდე, ვიდრე მძევლებს სახლებში არ დააბრუნებენ. ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ეს არის „მნიშვნელოვანი მომენტი“ მიმდინარე ომში.

„სინვარი მოკლეს, როდესაც ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა. მივმართავ „ჰამასის“ ტერორისტებს: თქვენი ლიდერები გარბიან და ჩვენ მათ ლიკვიდაციას მოვახდენთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ყველა, ვისაც მძევლები ჰყავს, დარჩება ცოცხალი, თუ იარაღს დაყრიან და მძევლებს გაათავისუფლებენ.

„მძევლების დაბრუნება არის შესაძლებლობა, მივაღწიოთ ჩვენს ყველა მიზანს და ეს ასევე გვაახლოებს ომის დასრულებასთან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს. ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სინვარი თითის ანაბეჭდებით ამოიცნეს. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, მისი მკვლელობა ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევაა.

1tv.ge