თბილისის საკრებულომ ლიტერატურული კონკურსისათვის მზადება უკვე დაიწყო.
ამასთანავე, რჩება ძველი ნომინაციებიც, რომლებიც ჩემთვისაც და მკითხველისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ორი მათგანი გამოვყო: ეს გახლავთ ნომინაცია, რომელიც იმ მწერალს გამოავლენს, ვინც ყველაზე უკეთესად წერს ბავშვებისათვის და, ასევე, გამოავლენს იმ მხატვარს, რომელიც ყველაზე კარგად ასურათებს წიგნებს როგორც პატარებისათვის, ისე, დიდებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ წინა კონკურსების მსგავსად, წლევანდელ „გალასაც“ ეყოლება ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო და ღირსეული გამარჯვებულები. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის პროდუქტი, რომელიც ქართველმა მწერლებმა და გამომცემლობებმა შესთავაზეს საზოგადოებას“, – აღნიშნა პროექტის იდეის ავტორმა ზაალ სამადაშვილმა.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ განაცხადების მიღება. ჩვეულებისამებრ, როგორც ყოველ წელს ხდება, დავუკავშირდით გამომცემელობებს და ვთხოვეთ, თავიანთი პროდუქციიდან ნომინაციების მიხედვით თავადვე შეარჩიონ საუკეთესო წიგნები. ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ახალ წიგნებს და, ჩემი ვარაუდით, უკვე ვხვდები, თუ რა სახის ლიტერატურას შემოგვთავაზებენ გამომცემლობები“, – განაცხადა ჟიურის წევრმა ნინო ქაჯაიამ.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდებიან:
წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი, წლის საუკეთესო წიგნი, წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი, წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისათვის, წლის საუკეთესო სცენარი, წლის საუკეთესო წიგნის მხატვრობა, წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი.
„გალა“ 2011 წლის თბილისობის დღესასწაულზე გაიმართება. ნომინაციებში გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლსა და ერთჯერად ფულად პრემიას 4000 ლარის ოდენობით.
საქინფორმი