სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ადამიანებში სიბრძნის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
პატრიარქის განცხადებით, ბრძენი ადამიანი არასოდეს ვარდება სასოწარკვეთაში და ის მუდამ ეძებს გამოსავალს. „ბრძენი ადამიანი არასოდეს ეჯახება კედელს, იგი ეძებს კარს. სიბრძნე აუცილებელია ადამიანისთვის“, – აღნიშნა უწმიდესმა.პატრიარქმა იმ ადამიანების დახმარების აუცილებლობაზეც ისაუბრა, ვისაც სჭირდება სხვების დახმარება. მისი განცხადებით, როცა ადამიანი მეორე ადამიანს ეხმარება, მას უფრო მეტი სიხარული აქვს, ვიდრე – ვისაც ეხმარებიან. „სიღარიბეს არ უნდა შევეგუოთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანაა და საჭიროა მისი ბრძნულად გამოყენება“, – ბრძანა უწმინდესმა.
უწმიდესი ქადაგებისას რამდენიმე დღის წინათ გამართულ კონფერენციასაც შეეხო, რომელიც ეკლესიასა და ეკონომიკას უკავშირდებოდა. „ჩვენ ვხედავთ, რომ მიწიერი გზით გავლისას ჩვენ გვჭირდება პური ჩვენი არსობისა, ამ პურს შრომა უნდა, სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი ცოტა გაზარმაცდა. აუცილებელია, დავიბრუნიოთ ის სიყვარული მიწისადმი, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ“, – დასძინა ილია მეორემ.
საქინფორმი