საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტი ხნით შედიან.
ბრძანებულება მასზე ხელმოწერის მომენტიდან – 10 ოქტომბრიდან შედის ძალაში.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა.
2023 წლის მაისში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დაწესდა. თუმცა ეს რეჟიმი არ ეხებოდა პირებს, რომლებიც რუსეთში სამ თვეზე მეტი ვადით მიდიოდნენ სამუშაოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ისინი ქართულმა მხარემ გაწყვიტა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა ცნო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.