საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: 28 მლრდ-დან 90 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. 2012 წელს ჩვენ მემკვიდრეობით დაგვიტოვეს უმძიმესი მდგომარეობა - ქვეყნის ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მლრდ ლარი, ბიუჯეტი იყო მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი, უმუშევრობა იყო დაახლოებით 27 %, სიღარიბე იყო 30 %, 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მისი შეფასებით, ასეთ ვითარებაში, მონოპოლიზებული მედიის მეშვეობით წინა ხელისუფლება ხალხს ატყუებდა რომ ეკონომიკა ყვაოდა და ყველა ბედნიერი იყო.

1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იყო ძირითადი მონაცემები. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება - 28 მლრდ-დან მოვახერხეთ და უკვე გავზარდეთ 90 მლრდ ლარამდე ქვეყნის ეკონომიკა, პროგრამის მიხედვით კი, როცა ყველა იმ ამოცანას განვახორციელებთ, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის აღსრულებასთან, 4 წლის თავზე, 2028 წელს, ეკონომიკა მიაღწევს 130 მლრდ ლარს. 28 მლრდ-დან ავდივართ 130 მლრდ ლარამდე. ამის პროპორციულად იზრდება ბიუჯეტი, იყო 8.5 მლრდ ლარი, ამ წელს გვაქვს უკვე 27.8 მლრდ ლარი და 40 მლრდ-ს გადაცდება 2028 წლისთვის. უმუშევრობას რაც შეხება, განახევრებულია ახლანდელი მონაცემებით, არის 13.7 % და იმ გეგმის მიხედვით, რაც წარმოდგენილია, 4 %-ს ჩამოცდება უმუშევრობა 2028 წლისთვის. ცნობისთვის, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი არის 6 %. ანუ, ევროკავშირის საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი გვექნება 4 წელიწადში ჩვენ უმუშევრობის ნაწილში. მარტო ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა საქართველოში 170 000 სამუშაო ადგილი“, - განაცხადა პრემიერმა.