უცხოეთი
ანდრეი ერმაკის მრჩეველი - მეორე სამშვიდობო სამიტი ნოემბერში არ გაიმართება

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის საკითხზე მეორე სამშვიდობო სამიტი, რომელიც ნოემბერში იყო დაგეგმილი, არ გაიმართება. მიუხედავად ამისა, მის ჩასატარებლად ნოემბრისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, დარია ზარივნაიამ უკრაინულ გამოცემა Telegraf-ს განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს თემატური კონფერენციები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულის ცალკეულ პუნქტებზე. ამ შეხვედრების შემდგომ მიღებული კომუნიკეს ძირითადი დებულებები კი მეორე სამიტის სამშვიდობო გეგმის საფუძველი გახდება.

ამასთან, დარია ზარივნაიას განმარტებით, ბოლო თემატური კონფერენცია 30-31 ოქტომბერს კანადაში გაიმართება და ჰუმანიტარულ საკითხებს, კერძოდ, სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო მძევლების გათავისუფლებას და უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მიეძღვნება. მეორე სამიტის ჩატარების თარიღის საკითხი კი თემატური კონფერენციების დასრულების შემდეგ გადაწყდება.

შეგახსენებთ, პირველ სამშვიდობო სამიტში, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა, 90-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მასზე რუსეთი არ იყო მიწვეული. ამის შემდეგ უკრაინამ დაიწყო მზადება მეორე სამშვიდობო სამიტისთვის, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო.

interpressnews.ge