სამართალი
ირაკლი კობახიძე: პირველ გემებს ანაკლიის პორტი 2029 წლისთვის მიიღებს

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. პირველ გემებს ანაკლიის პორტი 2029 წლისთვის მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტის მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში, 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2029 წელს. პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს 2029 წლისთვის. 600 000 კონტეინერი წელიწადში, ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზრდისთვის, ეს რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე.

მისივე თქმით, ახლო მომავალში ბოლომდე იქნება მიყვანილი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაც დაკავშირებადობის გასავითარებლად მნიშვნელოვანია.

გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე. ეს პროექტიც საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გასავითარებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.