სამართალი
ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ კრიტიკული შუალედური დასკვნები გამოაქვეყნა

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. 1-2 ოქტომბერს თბილისში განხორციელებული ვიზიტის შედეგად, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) მისიამ შუალედური დასკვნები გამოაქვეყნა სახელწოდებით „პრესის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება საფრთხეშია, იზრდება პოლარიზაცია და შიშის კლიმატი“. ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანიც მედიაგარემოს შეფასება იყო, მათ შორის მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, ორგანიზაციები მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

იმავდროულად, „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეფასებაში, ტვიტერზე დაწერა, რომ „საქართველოში პრესის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება! ჩვენმა ფაქტების დამდგენმა მისიამ ევროპის საბჭოს MediaFreedom-თან ერთად ჟურნალისტებისთვის საფრთხეები და წინასაარჩევნოდ შიშის ატმოსფერო გამოავლინა. დამოუკიდებელ ხმებს მუდმივი თავდასხმები და ცენზურა  ემუქრებათ“.

მისიამ განაცხადა, რომ მისთვის აშკარა გახდა, რომ „საქართველოში პრესის თავისუფლებისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია“. შუალედურ დასკვნებში ნათქვამია, რომ „ნათელი გახდა, რომ  საქართველოში გამოიყენება მექანიზმების და ბერკეტების ფართო სპექტრი დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის დისრედიტაციისა და ჩახშობისათვის“. მისიამ სოლიდარობა გამოუცხადა ჟურნალისტებს, მედიას, პრესის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და დასძინა, რომ „ ჩვენ შეძრწუნებული ვართ იმით, რაც მოვისმინეთ მისიის ფარგლებში პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ჟურნალისტების უფლებების დაცვის ნაწილში“. 

დოკუმენტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომელიც ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა მედიაში არსებული მდგომარეობა წინასაარჩევნო პერიოდში, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის შესახებ შეშფოთება, ჟურნალისტების უსაფრთხოება, SLAPP სარჩელები მედიის წინააღმდეგ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სხვა.

მედიაში არსებული მდგომარეობა წინასაარჩევნო პერიოდში – მისიამ დაადგინა, რომ საქართველოში ადგილი აქვს „დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების უპატივცემულობას, ასევე მედიის პლურალიზმის ეროზიას და პრესის თავისუფლების სერიოზულ რღვევას. სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად დგას მზარდი ავტორიტარიზმის წინაშე, რომელიც ხასიათდება შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის შესუსტებით“.

წუხილები ბოლოდროინდელი კანონმდებლობის თაობაზე – ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებმა გამოავლინა წუხილები ბოლო დროს მიღებული კანონების  – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ თაობაზე. ეს მოიცავს დაბრკოლებებს, რომლებიც მედიის და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ნაწილმა და ერთმა მედიასაშუალებამ გაიარა რეგისტრაცია აგენტების კანონის შესაბამისად. ორივე ზემოთხსენებული კანონი აღიქმება როგორც „ძლიერი ბერკეტები“ ხელისუფლებისთვის მედიაზე ზეწოლის განხორციელებისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის იმპლემენტაცია ჯერ სრულად არ განხორციელებულა, მას უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებზე. „კერძოდ, კანონი უკვე იწვევს თვითცენზურას, წნეხს ჟურნალისტების წყაროებზე და მტრულ გარემოს, რაც აფერხებს ჟურნალისტების საქმიანობას“, – ნათქვამია შეფასებაში, რომლის თანახმადაც პოლარიზაცია და პოლიტიკური დებატების არარსებობა ასევე პრობლემას წარმოადგენს.

ჟურნალისტების უსაფრთხოება: შიშის კლიმატი და ჟურნალისტების მიერ პროფესიოული საქმიანობისგან თავის შეკავება – შეფასებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად, სიტყვიერ, სამართლებრივად და ფინანსურად და რომ „ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა“. ჟურნალისტები იმდენად წუხან იმ საფრთხეებით, რომლებიც მათ უსაფრთხოებას ეხება,  რომ „ზოგიერთი მათგანს თანხმლები პირები ახლავს თან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. რამდენიმე გამოცემის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი ტოვებს ინდუსტრიას“.  დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბევრი ჟურნალისტი ქვეყანას საერთოდ ტოვებს და რომ მუქარა, მოკლევადიანი დაკავება, ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო ბოროტად გამოყენების შემთხვევები და მიზანმიმართული ცილისწამების კამპანიები სოციალურ მედიაში დაფიქსირდა თავად ჟურნალისტებისა და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ.

დაუსჯელობა და ჟურნალისტების დაშინება – „ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, ცილისწამების ან სხვა სახის ზეწოლის ორგანიზატორებისა და ჩამდენი პირების უმეტესობა დასჯილი არ არის“, – ნათქვამია შუალედურ დასკვნებში, რომლის თანახმადაც დაუსჯელები რჩებიან 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები.

საზოგადოებრივი მაუწყებელი – დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებით შემცირდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მექანიზმი შეიცვალა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ფიქსირებული პროცენტიდან სახელმწიფო ბიუჯეტში წლიურ ალოკაციებამდე. ამასთან, ცვლილებები წარდგენილი იყო წინასწარი შეფასების, საზოგადოებრივი მაუწყებლებელთან კონსულტაციებისა და დაინტერესებულ მხარეებთან და ექსპერტებთან ღია საჯარო დებატების გარეშე.

SLAPP სარჩელები მედიის წინააღმდეგ – მედიის წინააღმდეგ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავები იარაღად გამოიყენება მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მიერ და ნაკლებად კერძო აქტორების მიერ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები ამ საქმეებთან დაკავშირებით შეშფოთებას აძლიერებს.

ინფორმაციაზე წვდომა – დოკუმენტში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულ და საგამოძიებო ჟურნალისტებს ინფორმაციის წვდომაზე მოთხოვნისას პასუხის მიღება ყველაზე მეტად უჭირთ, რადგან კანონი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგულირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნის შესახებ კანონპროექტად დარჩა 2014 შემდეგ. „კანონები და წესები, რომლებიც ზღუდავს ჟურნალისტების შეშვებას პარლამენტში და აკრედიტაციის მოპოვებას და შენარჩუნებას, გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი გაშუქების შეზღუდვის საშუალება“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც,  2024 წელს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის კენჭისყრის დროს ჟურნალისტები პარლამენტში არ შეუშვეს.

რეკომენდაციები

ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი სამუშაო გარემო უზრუნველყოფა. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ გააშუქონ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები ხელის შეშლისა და ჩარევის გარეშე.

მედიის კანონმდებლობის იმ ნაწილის გადახედვა, რომელიც არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახე კანონების გაუქმება.

მედიის საკანონმდებლო ბაზის სათანადოდ იმპლემენტაცია, განსაკუთრებით კანონზე ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობის შესახებ კანონის ნაწილში. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოების შექმნა, რათა მხარი დაუჭირონ და გააკონტროლონ ამ კანონების ეფექტიანი აღსრულება.

საქართველოში დევნილობაში მყოფი უცხოელი ჟურნალისტების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა და ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის პრაქტიკის დასრულება.