უცხოეთი
უკრაინის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დონეცკის ქალაქი უგლედარი დატოვეს

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი დატოვეს. მანამდე, რუსულმა მხარემ დასახლების დაკავების შესახებ განაცხადა.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცა“ აცხადებს, ალყაში მოხვედრის საფრთხის გამო უმაღლესმა სარდლობამ ქალაქიდან სამხედრო დანაყოფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მრავალრიცხოვანი დანაკარგის მიუხედავად, მოწინააღმდეგემ არ შეწყვიტა უგლედარის დაკავების მცდელობები. ნებისმიერ ფასად ქალაქზე კონტროლის დამყარების მცდელობისას, მოწინააღმდეგემ მიმართა რეზერვები ფლანგზე დარტყმების განსახორციელებლად, რამაც გამოფიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების თავდაცვა. მოწინააღმდეგის ქმედებების შედეგად ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა. უმაღლესმა სარდლობამ გასცა ნებართვა უგლედარიდან დანაყოფების გასაყვანად მანევრის ჩასატარებლად, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის შენარჩუნების, ასევე მომდევნო მოქმედებების წარმოებისთვის პოზიციების დაკავების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

უგლედარის დაკავებას რუსეთის არმია 2022 წლის მარტიდან ცდილობს. უგლედარი, რომელშიც ომამდე 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია. დასახლება შემაღლებულ ადგილას ორი ფრონტის შესაყარზე მდებარეობს – აღმოსავლეთის დონეცკის ოლქში და სამხრეთის ზაპოროჟიეს ოლქში.

1tv.ge