საქართველო, 2 ოტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შეუძლია სრულად გამოიყენოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პოტენციალი - ქვეყანასთან, რომელმაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველა სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა - ეს ჩინეთში მთავარი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 1 ოქტომბერს აღინიშნება.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა ჩინელ ხალხს ეროვნული დღის 75-ე წლისთავი გულითადად მივულოცო. ჩინეთისთვის, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა, საქართველოს კარგი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ეს მართლაც ისტორიული თარიღია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ეს დღე არა მხოლოდ ახალი რესპუბლიკის დაარსებასა და ჩინეთისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს აღნიშნავს, არამედ ჩინელი ხალხის მდიდარი ისტორიის, კულტურისა და გასაოცარი მიღწევების შეხსენებაა, დასძინა პოლიტიკოსმა.
„ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩინეთმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, საერთაშორისო პოლიტიკაში წამყვან ქვეყნად იქცა და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს გლობალურ განვითარებასა და თანამშრომლობაში", - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
როგორც მან განაცხადა, საქართველო და ჩინეთი იცავენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა დამოუკიდებლობის აღიარება, ტერიტორიული მთლიანობა და ჩაურევლობა, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველია.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობა ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას ეფუძნება. ჩვენმა ერებმა დაამყარეს ძლიერი კავშირები ვაჭრობაში, კულტურასა და დიპლომატიაში და სწორედ ეს ძლიერი და მრავალფეროვანი კავშირები გვაძლევს განვითარებისა და უფრო და უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში თანამშრომლობის შესაძლებლობას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სამომავლო თანამშრომლობისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან ჩინეთი აგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის“ გაფართოებას, ხოლო საქართველო, თავის მხრივ, სარგებლობს გაუმჯობესებული დაკავშირებადობითა და ინვესტიციებით, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასულ წელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირებს პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში, ასევე, ხელს შეუწყობს უფრო აქტიურ თანამშრომლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში.
„ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სრული პოტენციალის გამოყენება, რაც ჩვენს ერებს დიდ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან მზადყოფნა გამოთქვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების განვითარებისთვის, რათა გააქტიურდეს ურთიერთსაინტერესო საკითხებზე გამოცდილების გაზიარება.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ შესაძლებლობების მიმართ, რომლებიც ჩვენს პარტნიორობას ელოდება. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიმუშაოთ უფრო ნათელი მომავლის შექმნაზე, რომელიც იმედით, ურთიერთგაგებითა და კეთილდღეობით იქნება აღსავსე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის სექტემბერში საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, ხოლო 2024 წლის მაისში ჩინეთმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.