საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. გერმანიის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკებების დროს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს მკაფიო პროევროპული პოზიციისთვის.
ამავე დროს, მან წუხილი გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს უკუსვლის გამო. როგორც გერმანიის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობა ამით საფრთხეს უქმნის ისტორიულ შესაძლებლობას.
როგორც გერმანიის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 2023 წლის ბოლოდან საქართველოს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 2024 წლის გაზაფხულზე ქვეყნის მთავრობამ მიიღო რამდენიმე კანონი, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას აფერხებს, მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონი“ ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური ინტერესების წარმომადგენლები, რამაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთავრობის კურსის წინააღმდეგ გამოვიდა. ის მხარს უჭერს ოპოზიციას ქვეყანაში. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება“, – აღნიშნულია გერმანიის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.