„რატომ შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა ამდენი სპორტსმენი დეპუტატობის კანდიდატთა პარტიულ სიაში, თანაც -პირველ ოცეულში?“ - ჰკითხა NEWS FRONT-ის კორესპონდენტმა „საქინფორმი“-ს მთავარ რედაქტორს, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს, არნო ხიდირბეგიშვილს.
- იმიტომ, რომ საქართველოში აღარ დარჩნენ დიდი შემოქმედნი - მწერლები, მსახიობები, პოეტები, მხატვრები, რეჟისორები და მუსიკოსები, რომლებიც ქართველ ხალხში დიდი პატივითა და სიყვარულით სარგებლობდნენ. ახლა საყოველთაო პოპულარობით მხოლოდ ქართველი სპორტსმენები სარგებლობენ. ბიძინა ივანიშვილის ადგილზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში უფრო მეტს ძლიერ ვაჟკაცს ჩავწერდი, რომლებმაც საქართველო ასახელეს, რადგან წინ ბრძოლა გველოდება - არ ჯობია წინასწარ მოვემზადოთ?!
- როგორ კომენტარს გააკეთებდით სერგეი ლავროვის განცხადებაზე რუსეთის ფედერაციის მზადყოფნის შესახებ, „დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში“? მოგეხსენებათ, თბილისიდან დადებითი გამოხმაურებები იყო.
- ლავროვს ახალი არაფერი უთქვამს - რუსეთი ყოველთვის მზად იყო გამხდარიყო თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის "კეთილმეზობლური ურთიერთობების" დამყარების, ქართველების, აფხაზებსა და ოსებთან შერიგების გარანტი. დიდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მსჯელობს უმაღლესი კატეგორიებით, როგორიც არის ერების ისტორიული შერიგება და მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ეს გაცილებით მაღალი კატეგორიებია, ვიდრე ერთი სახელმწიფოს შიდა პრობლემები - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რაზეც, როგორც ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, დაე თავად ქართველები, ოსები და აფხაზები შეთანხმდნენ - იქნებიან მომავალში მეზობლები, თუ კვლავ გაერთიანდებიან.
რაც შეეხება თბილისიდან „დადებით გამოხმაურებებს“, მიმაჩნია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი აუკრძალავს „ქართული ოცნების“ არაპოპულარულ „სახეებს“ სტრატეგიული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, უკეთესი იქნება. ამ კატეგორიას ვეძახი „ქართველ ზატულინებს, რომელთა მატარებელიც წავიდა“, ზოგიერთის გვარი საპარლამენტო სიის პირველ "ოცეულში" ვიხილეთ. განა სპორტსმენები ამ "მკვდარ სულებს" არ სჯობიან?! ბატონი ბიძინა ხანდახან მადლიან კალთას აბერტყავს უგერგილოებსა და მოღალატეებს, ასე იყო მარგველაშვილის, ზურაბიშვილის, გახარიასა და სხვების შემთხვევაში. არაბუნებრივია, როცა რუსეთთან მშვიდობიანი დარეგულირების პროცესზე მსჯელობენ ამბიციური კარიერისტები, მეტს არ დავაზუსტები, რომ „ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლო“...
და რატომ არ გახსნეს ამ „კარის სტრატეგებმა“, თუკი ისინი ნამდვილად აენთნენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სურვილით, არც ერთი საარჩევნო უბანი რუსეთში, რითაც რუსეთში საქართველოს მოქალაქეებს ხმის უფლება ჩამოართვეს? ეს ხომ მავნებლობაა, ეს ათასობით ხმა ხომ „ქართული ოცნების“ იქნებოდა! რატომ არ არის საქართველოში ჩამოსულ მრავალათასიანი საერთაშორისო დამკვირვებლების არმიაში არც ერთი რუსეთიდან? რატომ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეობამიღებულ საქართველოს მოქალაქეებს? რატომ ეუბნებიან უარს აფხაზეთის მცხოვრებლებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე?
ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2024 წლის 30 სექტემბერი
საქართველო, თბილისი