სამართალი
პარტია „თავისუფალი საქართველო“ 26 მაისის დარბევაში დამნაშავე ყველა პირის გასამართლებას მოითხოვს

maisi26როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან საქინფორმს აცნობეს, „თავისუფალი საქართველო“ 26 მაისის დარბევაში დამნაშავე ყველა პირის გასამართლებას მოითხოვს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობასა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა 7 პირს. ბრალდებულთა ნაწილმა (5 პირმა) აღიარა ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

„საქართველოს ხელისუფლება თავდაპირველად საერთოდ გამორიცხავდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გამო აქციის მონაწილეთა შორის მსხვერპლს და შსს-ის თანამშრომლების მიმართ მხოლოდ დისციპლინური სასჯელის გამოტანით აპირებდა მომხდარი ტრაგედიის მიჩქმალვას. ამდენად, მომხდარი შეგვიძლია ჩავთვალოთ პირველ დიდ წარმატებად, რაც განაპირობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველი პირების ზეწოლამ. თუმცა ეს მაინც არ არის ის შედეგი, რაც უნდა მოყვეს 26 მაისის სისხლიან ტრაგედიას.

გამოძიებისას დარღვეულია მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპები:

არცერთი ის პირი, რომელთაც მიაყენეს ზიანი ბრალდებულებმა, არ არის სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულად ცნობილი და მათ არ მიეცათ საშუალება, ჩართულიყვნენ გამოძიების პროცესში (მათ შორის, არც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს). პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ ამ მოთხოვნით მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ 28 ივნისს მიმართა, თუმცა ხელისუფლებისგან ჩვენს განცხადებაზე პასუხიც კი არ მიგვიღია;

დაზარალებულ პირებს არ მიეცათ საშუალება, მიემართათ სასამართლოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შუამდგომლობით, რაც ამ ადამიანების უფლებების უხეში დარღვევაა;

გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხდარში დამნაშავეა აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელთა გაცილებით მეტი რაოდენობა (ათობით პირი, თუ ასობით არა), ვინაიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და ეს არ იყო ცალკეული გამონაკლისი შემთხვევა. ამდენად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ 7 პირის მიცემა არ არის ადეკვატური რეაქცია;

მართლმსაჯულების პროცესი წარიმართა აბსოლუტურად დაფარულად და საზოგადოებას არ მიწოდებია არანაირი ინფორმაცია. ეს ეწინააღმდეგება სასამართლო ღიაობის კონსტიტუციურ პრინციპს. ამასთან, როდესაც საუბარია რომელიმე ოპოზიციური პარტიის აქტივისტის ბრალეულობაზე, მედიასაშუალებები პირდაპირ ეთერში გადასცემენ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო თუ აუდიომასალებს, ამ შემთხვევაში კი, ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებებიც კი გასაიდუმლოებული და საზოგადოებისგან დამალულია;

გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულყოფილად, ვინაიდან დადგენილი არ არის არა მხოლოდ ყველა იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული, არამედ უკანონო ბრძანების (მათ შორის, მომიტინგეთათვის ალყის შემორტყმის) გამცემი პირები;

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს ბრალდებულთან, თუ იგი მზად არის, აანაზღაუროს ზარალი ან გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია ზემდგომი თანამდებობის პირის დანაშაულებრივ ქმედებაზე. ამ შემთხვევაში კი, არცერთი აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული. ამდენად, საპროცესო შეთანხმება უკანონოდ დაიდო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მახალჩინოსნები ცდილობენ, საკუთარი დანაშაული გადააბრალონ რიგით მოხელეებს და ამით აიცილონ პასუხისმგებლობა. მათ განზრახული აქვთ, დადგან მორიგი ფარსი დამნაშავეთა ფსევდოგასამართლების შესახებ. სინამდვილეში კი ყველაფერი მოხდება ისე, როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში: დამნაშავეები სასჯელის ნაწილს მოიხდიან ყველანაირი კომფორტით უზრუნველყოფილ იზოლატორში და მცირე ხნის შემდეგ მათ შეიწყალებენ.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს:

გაუქმდეს ბრალდებულებთან უკანონოდ დადებული საპროცესო შეთანხმება;

ჩატარდეს ხელახალი გამოძიება დაზარალებული პირების მონაწილეობით;

გაიმართოს ღია სასამართლო პროცესი, სადაც მხარეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელებაში, კანონით დადგენილი წესით;

ამას გარდა, პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, განაგრძონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მოხდეს ობიექტური გამოძიების ჩატარება და სამართლიანი მართლმსაჯულების გზით უკლებლივ ყველა დამნაშავე პირის დასჯა.

აგრეთვე, ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირს, ისევე, როგორც მიღებულია სხვა ავტორიტარული რეჟიმების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელნი არიან 26 მაისის დარბევაზე, დააწესოს სანქციები“, – ნათქვამია საქინფორმისადმი პარტიის გზავნილში, რომელსაც ხელს აწერენ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე.

 

საქინფორმი