სამართალი
არასამთავრობოები და ოპოზიცია ანტიკორუფციულ ბიუროს მანდატის გადაჭარბებაში ადანაშაულებენ

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორი ორგანიზაცია „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნოს და მათ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები დაუწესოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოყვა, რომელთა თქმითაც ბიურომ თავის მანდატს გადააჭარბა და მმართველი პარტიის ხელში განსხვავებული აზრის ჩახშობის ინსტრუმენტად იქცა.

რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად“, – წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“.

„ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გასულია კანონის ჩარჩოებიდან“, – წერს იგი და აღნიშნავს, რომ ბიუროს მანდატი ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგზე, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ „განცხადებული საარჩევნო მიზნები“ და არც არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი სამიზნე გახდა, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „იურიდიულ საფუძველს მოკლებულია“. ორგანიზაცია და მისი დირექტორი „იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი“, – განაცხადა TI საქართველომ და დასძინა, რომ „ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში“.

საია-მ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ბიუროს გადაწყვეტილებას „უკანონო“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის „ქმნის სახიფათო პრეცედენტს იმისთვის, რომ იგი გამოყენებულ იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვისთვის“.

ჩვენ, დღეს ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში რომ მართლა უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომელ მხარეს დადგება საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო დადგება ცივილური ქვეყნების მხარეს“, – განაცხადა მოძრაობა „აირჩიე ევროპას“ თანადამფუძნებელმა ნანა მახარაძემ. „საქართველო ირჩევს ევროპას, ევროპულ მომავალს და ეს იქნება ასე“.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე გააკრიტიკეს ბიუროს გადაწყვეტილება. „რეალურად, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა არა იმისთვის, რომ ყველა პარტიის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი განახორციელოს, არამედ შეიქმნა იმისთვის, რომ ის იყოს ინსტრუმენტი ოცნების ხელში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა პარტიიდან „საქართველოსთვის“.

[ბიურო] დასდევს ოპოზიციონერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აქ ნამდვილად არის კითხვები დასასმელი რაჟდენ კუპრაშვილის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.

ბიუროს გადაწყვეტილების დასაცავად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადებები. „არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ადამიანები [TI საქართველოსა და „აირჩიე ევროპას“ ხელმძღვანელები] პირდაპირ არიან ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში, [ოპოზიციური] პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ და რაც მთავარია, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ აკეთებენ ყველაფერს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა: „ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ენჯეოები, მათ არ აინტერესებთ სამოქალაქო უფლებების ადვოკატირება, რასაც იდეაში უნდა ემსახურებოდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ აინტერესებთ მხოლოდ პოლიტიკური, თან რადიკალური დღის წესრიგი. ისინი არაფრით განსხვავდებიან ე.წ. პოლიტიკოსებისგან, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან და ეს მთლიანი ორგანიზმი რომ არის, ამის შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“.