საზოგადოება
ბჟანია: აფხაზეთმა რუსეთის მიმართ ვალდებულებები უნდა შეასრულოს

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. 19 სექტემბერს ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დაფინანსების შემცირების ფონზე, მოსკოვთან ურთიერთობაზე ისაუბრა და ისინი გააკრიტიკა, ვინც რუსეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ 2014 წლის ხელშეკრულების განხორციელებას ეწინააღმდეგება“.

ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან დმიტრი კოზაკთან 19 აგვისტოს შეხვედრის ოქმს გამოეხმაურა, რომელიც აფხაზეთს რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ბჟანიამ განაცხადა, რომ ოქმის გამოცემის შემდეგ „რუსეთის ფედერაციიდან მიღებულ იქნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ [1 სექტემბრიდან] სახელმწიფო მოხელეთა გარკვეული კატეგორიის თანამშრომელთა ხელფასების თანადაფინანსება შეჩერებულია მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს სოხუმსა და მოსკოვს შორის შეთანხმებებში ასახულ პირობებს“.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა რუსული დაფინანსების შემცირება აფხაზებზე, ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა განაცხადა, რომ „დაფინანსების პროცესის შეჩერება, რა თქმა უნდა, შეეხება აფხაზეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს – მასწავლებლებს, ჯანდაცვის მუშაკებს, კულტურის მუშაკებს და ბევრ სხვას“. მან დასძინა, რომ რეგიონის ხელმძღვანელობა „ამ საკითხის მოგვარებით არის დაკავებული“.

კითხვაზე, თუ რატომ შეწყვიტა რუსეთმა დაფინანსება, ბჟანიამ უპასუხა, რომ ეს იმის გამო მოხდა, რომ აფხაზეთი თავს არიდებს მოსკოვის მიმართ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. მან განმარტა, რომ „ხელშეკრულება“ ითვალისწინებს „სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეს“, საგარეო პოლიტიკისა და საერთო თავდაცვის სივრცის კოორდინაციას, ასევე საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას. აღნიშნა რა, რომ „ეს ხელშეკრულება აფხაზეთის ინტერესებშია“, ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი „უსასრულოდ ვერ აარიდებს თავს მის განხორციელებას“.

რუსეთი ჩვენი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ მე მაინტერესებს, როდიდან აღარ ვენდობით რუსეთის ხელმძღვანელობას?”- განაცხადა ბჟანიამ და დასძინა: „დადგა დრო, რომ ამ ხელშეკრულების პუნქტები განხორციელდეს და მე, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ხალხს, აუცილებლად შევასრულებ ამ ხელშეკრულების ყველა პუნქტს და მისგან გამომდინარე შეთანხმებებს, მათ შორის იმიტომ, რომ ის შეესაბამება აფხაზი ხალხის ინტერესებს“.

ბჟანიამ ასევე ისაუბრა ე.წ. შეთანხმებაზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, „ხსნის შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის“. მისი თქმით, აფხაზეთის „ეკონომიკა, ზოგადად, არაეფექტურია“ და ვერ მიაღწია ეკონომიკური განვითარების იმ დონეს, „რაც გვჭირდება მიმდინარე საკითხების გადასაჭრელად“. ამ კონტექსტში, ბჟანიამ ინვესტიციების მოზიდვის პრობლემას გაუსვა ხაზი.

მან უკუაგდო წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეთანხმების გაფორმებას გარკვეული რისკები ახლავს. „ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან მივიღოთ ინვესტიციები და ინვესტორი მაშინ მოვა ქვეყანაში, თუ იქნება უსაფრთხოების პირობები და ბიზნესის კეთების გარანტიები“. ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ოკუპირებულ რეგიონში მშენებლობის 90% ერთობლივი რუსულ-აფხაზური კომპანიების ხარჯზე მიმდინარეობს.

რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ვრცლად საუბრისას, ბჟანიამ ისინი გააკრიტიკა, ვინც ამტკიცებენ, რომ „ასეთი შეთანხმებები თითქოს არ შედის აფხაზების ინტერესებში“ და მსგავსი რიტორიკა „ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლას“ დაუკავშირა.

თუმცა ბჟანიამ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში კრიზისს ვერ ხედავს, არამედ მხოლოდ მცირე დაბრკოლებებია.

აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა ვრცლად აღწერა აფხაზეთისთვის „ძალიან რთული გარემოებები“ და მათ შორის ის დაასახელა, რომ „უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებს საქართველოში გადატრიალება განახორციელონ და მეორე ფრონტი გახსნან“, რომ „რუსეთის ქალაქები უკრაინისა და მისი მოკავშირეების მხრიდან თავდასხმის ქვეშაა“, რომ აფხაზეთი „საქართველოსთან ომშია“, რომ „საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება არ არსებობს“ და რომ „საქართველო ცდილობდა, ცდილობს და მომავალშიც ეცდება დაიბრუნოს ‘აფხაზეთის ტერიტორია’”.

დასასრულს, ბჟანიამ განაცხადა, რომ „ერთადერთი ძალა, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, არის აფხაზეთის ხალხის ნება და რუსეთის მხარდაჭერა“ და გააკრიტიკა ისინი, ვინც ამ ფონზე „დაძაბულობას ქმნის ჩვენსა და რუსეთს შორის“. მან ასევე განაცხადა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დაძაბულობას ქმნიან და არ ენდობიან რუსეთს, უარი უნდა თქვან რუსეთის პასპორტებზე და დასძინა, რომ რუსეთს უფლება აქვს ჩამოართვას მოქალაქეობა მათ, ვინც „ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, ვინც პატივს არ სცემს რუსულ სახელმწიფოს და მის დისკრედიტაციას ცდილობს“.