საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ გაერთიანებისთვის დასახელებულ პირობებს არ ეთანხმება.
ხაზარაძის თქმით, გახარიას მიერ დასახელებული პირობების განხორციელება ტექნიკურად, სამართლებრივად შეუძლებელია.
„დავტოვეთ პრეზიდენტის სასახლე იმ შეგრძნებით, რომ გუშინ უკვე სია უნდა მიგვეტანა პრეზიდენტთან და გაგვეცნო საზოგადოებისთვის. ამ განწყობით მივედი გუშინ შეხვედრაზე. ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ააყირავა ეს მოლაპარაკება, იყო ცუცქირიძის დილის ინტერვიუ, რომელიც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასერიოზულია. თუ გვინდა, შევცვალოთ ხელისუფლება, გადავიდეთ ნამდვილ დემოკრატიულ მართვაზე, უნდა მივეჩვიოთ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ. ჩემი კოალიციური პარტნიორები, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი, ცუცქირიძეც პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება არის საჭირო ქვეყნისთვის, ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე. შესაბამისად, ინტერვიუ, რომელიც გუშინ იყო მოყვანილი ხელშეკრულების ჩაშლის მიზეზად, უბრალოდ არასერიოზულია. გახარიამ თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომლებიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობის გათვალისწინებით, შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, ჩვენი პარტია და გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, რადგან 30 დღის განმავლობაში შეუძლებელია, რაიმე კამპანიის, ნომრის, სიისა და ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება.
იმ ცხრა პუნქტში, შეთანხმებაში იყო პრინციპული საკითხი, მათ შორის 20 ივნისის, ანაკლიის და ასევე იყო წერილის საკითხი. პარტიების შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რაიმე საქმე, რომელიც იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს, უნდა იქნეს გადაფურცლული, ეს იყო პუნქტში, რასაც თავიდან დაეთანხმა. ისევე როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომ ანაკლია უნდა აშენდეს დასავლური ინვესტიციით, როგორც ძირითადი ინვესტორი და არა ჩინური ინვესტიციით, ეს არის გეოპოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ასევე იყო შეთავაზებული, რომ ვინაიდან კონფლიქტის წარსულიდან მოვდივართ, ხომ არ სჯობს, ჩვენ არ ვიყოთ სიაში, ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი, თუმცა შემდეგ, გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ შესაძლოა, ჩათვალა, თითქოს ეს იწვევდა მის პოლიტიკიდან ჩამოშორებას. ასე არ არის და ვუთხარი, რომ როგორც კომპრომისი, მზად ვარ, ეს პუნქტი შევცვალოთ. გუშინვე დავუდასტურე, რომ სურვილი თუ აქვს, იყოს სიაში, შესაბამისად, მეც მასთან ერთად. იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი პირველი, რომ ეს გაერთიანება არ შეუქმნიდა „ქართულ ოცნებას“ მთავრობას და თვითონ შექმნის მთავრობას. ეს გაერთიანება იძლეოდა იმ სინერგიას, შევქმნათ მთავრობა, დანარჩენი არის უკვე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე გადასაწყვეტი საკითხები. მან დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, მგონია, რომ რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს. ეს იყო, პრაქტიკულად, დანგრევა იმის, რასაც აქამდე ვაშენებდით. დღესაც მზად ვართ, მოვაწეროთ ხელი იმ შეთანხმებას, რომელიც პრეზიდენტთან იქნა შეთანხმებული, მაგრამ ვგრძნობ, ეს არ მოხდება. გუშინ ცუცქირიძე თუ იყო პრობლემა, ხვალ, შეიძლება, რაღაც პლატფორმა გახდეს პრობლემა, ზეგ ახალი რაღაც და უზარმაზარი საქმე, ამხელა კოალიცია დარჩეს არჩევნების მიღმა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის კანონს დააინიცირებს.
„ხვალ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსული ხელისუფლება გასტუმრებულ იქნეს საქართველოდან. ერთ-ერთი პირველი, როცა პარლამენტში შევალთ, უნდა შემოვიტანოთ ლუსტრაციის კანონი, რომელიც არ ეღირსა ქვეყანას, იმისთვის, რომ ჩანერგილი ადამიანები არ იყვნენ პოლიტიკაში, არ ჰქონდეთ საჯარო სივრცეში პოლიტიკის კეთების საშუალება და უამრავი სხვა რეფორმაა გასატარებელი, რომლებიც ქვეყანას დიდი გამარჯვების გზაზე დააყენებს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
ახლახან გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკების გასაგრძელებელი პირობები დაასახელა. გახარიას განცხადებით, ეს პირობებია: „1. ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა. მივიჩნევთ, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის; 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი; 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.