საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. შეაქო რა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ბოდიშს მოუხდიდა „ოს დებსა და ძმებს“ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა 17 სექტემბერს Telegram-ის პოსტში განაცხადა, რომ „საქართველო ბოლო 16 წლის განმავლობაში პოლიტიკურად მომწიფდა. მუდმივი დაპირისპირების უპერსპექტიულობა ბევრისთვის გასაგები გახდა“.
მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებამ შექმნა „ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობა“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობაში და რომ „მას დიდი ინტერესი მოჰყვა კავკასიასა და მთელს მსოფლიოში“.
კარასინმა აღნიშნა, რომ „სულ უფრო მეტად აცნობიერებენ იმას, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ მტრობამ და დაპირისპირებამ გზა უნდა დაუთმოს გონიერებასა და სტაბილურობას“ და რომ „მუდმივი დაპირისპირების უპერსპექტიულობა ბევრისთვის გასაგები გახდა“.
კარასინმა ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილის განცხადებამ, რომელსაც მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა და რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, გამოიწვია „ფოკუს ჯგუფების სკანდალური ემოციების აფეთქება, რომლებიც არ არიან კმაყოფილნი საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარებით“. მან ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის დაძაბვა მათაც აწყობთ, ვინც „საქართველოსა და რეგიონში დესტაბილიზაციას თავის სტრატეგიულ ინტერესად განიხილავენ“.
14 სექტემბერს, გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის ომში „გარე“ ძალები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშულა. მისი თქმით, „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.