უცხოეთი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა დაასახელა

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრად მარტა კოსი წარადგინა, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი.

„გარდიანის“ ინფორმაციით, საგარეო და უსაფრთხოების კომისარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟიურნე ინდუსტრიულ სტრატეგიაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო სლოვაკი მაროშ სეფკოვიჩი სავაჭრო პოლიტიკას გადაიბარებს. შინაგან საქმეთა და მიგრაციის როლზე ფონ დერ ლაიენმა ავსტრიელი მაგნუს ბრუნერი წარადგინა, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის კომისრად კი ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი. ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში ახალ კომისრად დანიელი დენ იორგენსენი დასახელდა.

ურსულ ფონ დერ ლაიენის მიერ ჯესიკა როსვოლი გარემოს, წყლის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის საკითხებში კომისრად არის წარდგენილი, ხოლო ვოპკ ჰოეკსტრა კლიმატის კომისრად დასახელდა. ყველა კანდიდატი ევროპარლამენტში მოსმენებს გაივლის დეპუტატებთან, რომლებმაც მათ დანიშვნას უნდა დაუჭირონ მხარი.

1tv.ge