პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: ის, რომ „ქართული ოცნება“ 25%-ს აიღებს, ისეთივე ალბათობაა, როგორც ის, რომ ჩვენ ახლა ერთ წამში მთვარეზე აღმოვჩნდეთ

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ის, რომ „ქართული ოცნება“ 25%-ს აიღებს [არჩევნებში], ისეთივე ალბათობაა, როგორც ის, რომ ჩვენ ახლა ერთ წამში მთვარეზე აღმოვჩნდეთ, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე Figaro-სთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას საზოგადოების 25%-იანი მხარდაჭერა აქვს.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, მსგავსი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, მსგავსი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. მას წარმომადგენლობითი ფუნქციები აქვს და თუ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე აქტიურად გახდეს, ვფიქრობ, ამისთვის სხვა ფორმატებიც არსებობს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მისდამი მინიჭებული ფუნქციები და მსგავსი ტიპის პოლიტიკური განცხადებები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის.

მისი პროგნოზი პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ გამართლდება და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს იქნება, მთავარი გარანტი იმ სიტყვებისა, რასაც ახლა ვამბობ. პირიქით, შესაძლებელია, რომ ჯამში 25%-საც ვერ ასცდეს „ერთიანი - ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი განშტოებებით, როგორიც არის ხაზარაძე და სხვა პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, ბრეგაძის განმარტებით, მტკნარი სიცრუეა განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, ხოლო ზურაბიშვილი და ოპოზიცია საქართველოს ევროკავშირისკენ მიაქანებენ.

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ გზას, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ძალიან ნათლად არის ცნობილი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია საქართველოს ევროპულ გზაზე და ამ ყველაფერზე კონკრეტული ფაქტები მეტყველებს. მაგალითად, როდის გახდა შესაძლებელი საქართველოს მოქალაქისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტით ვიზის გარეშე ევროპაში გამგზავრებულიყო? - სწორედ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. ამასთან, როდის მიენიჭა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? - რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და სხვა უამრავი მიღწევა. შესაბამისად, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე - განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, ხოლო ზურაბიშვილი და ოპოზიცია საქართველოს ევროკავშირისკენ მიაქანებენ. ჩვენი გზა და ქართველი ხალხის არჩევანი, ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგად განსაზღვრული, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით. სწორედ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს. ნებისმიერ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული იმის შესახებ, რომ 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის განცხადება, ასევე დეკლარირებულია და გამოტანილია საარჩევნო სლოგანზეც, სადაც მითითებულია იმის შესახებ, რომ ჩვენ მხოლოდ ევროკავშირისკენ მივდივართ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.