საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კურტ კემპბელის განცხადებით, პეკინი მოსკოვს „საკმაოდ მნიშვნელოვან“ დახმარებას უწევს სამხედრო მანქანის გაძლიერებაში, სანაცვლოდ კი რუსეთი ჩინეთს გადასცემს მკაცრად დაცულ სამხედრო ტექნოლოგიებს წყალქვეშა ნავებისა და რაკეტების სფეროში. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას კემპბელმა გაამძაფრა რიტორიკა პეკინის მიმართ. აშშ თუ ადრე საუბრობდა ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებაზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო სფეროში, ახლა ვაშინგტონი პირდაპირ აცხადებს, რომ ჩინეთი რუს სამხედროებს ეხმარება.
„ეს არ არის ორმაგი დანიშნულების შესაძლებლობები. ფაქტობრივად, ისინი პირდაპირ ეხმარებიან რუსეთის სამხედრო მანქანას. ჩვენ ვხედავთ ორივე მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ამ შემაშფოთებელი თანამშრომლობის გარკვეული ელემენტების დამალვისა და დაცვისკენ“, – აღნიშნა კემპბელმა.
გამოცემის მიხედვით, ჩინეთი მუდმივად უარყოფს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას. პეკინი ამტკიცებს, რომ არცერთ მხარეს არ აწვდის იარაღს და ომის მიმართ „მიუკერძოებელი პოზიცია“ აქვს.
სტატიაში ნათქვამია, რომ, პეკინის დახმარების სანაცვლოდ, მოსკოვმა დაიწყო თანამშრომლობა ჩინეთთან წყალქვეშა ნავების, რაკეტების და სხვა სენსიტიური ტექნოლოგიების სფეროში. ისტორიულად, მოსკოვი სიფრთხილით ეკიდებოდა პეკინისთვის თავისი უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემას.
„შესაძლებლობები, რომლებსაც რუსეთი პეკინს ახლა აძლევს, არის მხარდაჭერა იმ სფეროებში, რომლებშიც მანამდე მათ აშკარად არ სურდათ ჩინეთთან პირდაპირი ურთიერთქმედება“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
1tv.ge