ასე ჰქვია დეილ კარნეგის ერთ-ერთ წიგნს, რომელიც, უპრიანი იქნებოდა, ქართველ პოლიტიკოსებს წაეკითხათ. მაგრამ ახლა უკვე გვიანია და ხელისუფლებას, რომელიც ყოველთვის აგებს ოპოზიციასთან „პაბლიქ რილეიშენს“, ორ მზა პიარ-რჩევას მივცემ წინასაარჩევნო კამპანიაში დასახმარებლად.
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია ააგო ქართული ეროვნული ტრადიციული ღირებულებების ერთგულებაზე, როგორიცაა „ქრისტიანული მართლმადიდებლობა -ქართული სახელმწიფოს იდენტობის საყრდენი“ (?), ჰეტეროსექსუალური ოჯახი, ბავშვების დაცვა ჰომოსექსუალური პროპაგანდისგან და სქესის შეცვლისგან, ეროვნული კულტურა, უფროსების, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მეფე ერეკლე მეორის პატივისცემა. ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად, ასევე უცხოეთის აგენტების თარეშის აკრძალვის, სააკაშვილის პარტიის გასამართლებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობას სთხოვს. მარტივი, მასებზე გათვლილი ამერიკული სტილის ტაქტიკაა, რომელიც უბრალოდ გულით უნდა იწამო, ზედმეტი შეკითხვების გარეშე.
მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აზროვნებას ვერ გადააჩვიეს, ამიტომ მინდა „ქართულ ოცნებასა“ და მის სპიკერებს ორი უფასო პიარ-რჩევა მივცე.
რჩევა პირველი : როცა ამბობთ, რომ ამიერიდან თქვენი პრიორიტეტი ეროვნული იდენტობაა და არა ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებია, რომლებსაც მტკიცედ იცავდით ბოლო 12 წლის განმავლობაში, აუცილებლად, თუნდაც, ორი სიტყვით, დათქვით, რომ გულწრფელად შეცდით, რომ თქვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგატყუეს და რომ კონსტიტუციიდან ამოიღებთ მე-11 თავის 78-ე მუხლს - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“. ქართველ ხალხისთვის ბოდიშის მოხდა და შეცდომის აღიარება სირცხვილი როდია, პირიქით, მიანიშნებს პარტიის ბალასტისგან გაწმენდის მზაობაზე, რაც დადებითად აისახება თქვენს იმიჯზე.
რჩევა მეორე: როცა ამის კვალდაკვალ საქართველოს ორიენტირად კვლავ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვას სახავთ და ამატებთ სიტყვას - „ღირსებით “, ეს მთლიანად უარყოფს პირველ დაპირებას - ტრადიციულად, ქართულად და ქრისტიანულად ცხოვრებას. „სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურე“ - ქართული და დასავლური ღირებულებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, „ღირსებით ევროპაში“ არ გამოვა, ან ვრჩებით ღირსებით, ან უღირსად ვიღებთ ევროპულ ღირებულებებს და ნატოსა და ევროკავშირის კარზე ვაკაკუნებთ. ამავეს ყოველდღე გეუბნებიან თავად ევროპისა და ამერიკის ხელმძღვანელები.
ამიტომ, „რომის პაპზე მეტ კათოლიკეობას“ ნუ დაიჩემებთ - ნუ ასწავლით ევროპელებსა და ამერიკელებს მათსავე ღირებულებებს, არამედ აღიარეთ, რომ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს ყველაზე ახლო ღირებულებები საქართველოსთან, არის რუსეთი. როგორც კი ამას საჯაროდ აღიარებთ, უზარმაზარ შვებას იგრძნობთ, რადგან აღარ მოგიწევთ გველის ენასავით გაორება და ტყუილი. ქართველი ხალხი თქვენგან 12 წელია ამ სიტყვებს ელოდება, შესაბამისად თქვენი რეიტინგი მკვეთრად გაიზრდება, დაძლევთ მღელვარებას და დაიწყებთ თქვენს ხალხთან ჰარმონიაში ცხოვრებას. და ნუ წუხხართ - პროდასავლურ ტრეკზე ოპოზიციას მაინც ვერასოდეს გაუსწრებ - ამისთვის სამშობლოსა და ღმერთის ღალატია საჭირო, როგორც ეს სააკაშვილმა ჩაიდინა! - ასე რომ, ოპოზიციას პრორუსული მიმართულებით გაუსწარით მაინც!
დასასრულ, მინდა თავად ვიკითხო: „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პატრიოტული პიარი არის როგორც გასული თვის, ასევე ბოლო 12 წლის ჩემი პუბლიკაციების თხრობა, ხშირად - ციტირება, საიდანაც ამოღებულია მხოლოდ ერთი სიტყვა - „რუსეთი“. შეკითხვა: ასე გირჩიეს უცხოელმა პოლიტტექნოლოგებმა (რომლებზეც დოლარები წყალში გადაყარეთ), თუ ასე გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა?
რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ თქვენ ცდებოდით და მე მართალი აღმოვჩნდი, მაგრამ თქვენ კვლავ ხელმძღვანელობთ საქართველოს, მე კი საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ ...
პატივისცემით,
არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 9 სექტემბერი
საქართველო, თბილისი