აქტუალური
ისანი-სამგორის რაიონს პოლიციის კიდევ ერთი ახალი გამჭვირვალე შენობა შეემატა

policia22დღეისთვის მზად არის და ფუნქციონირებას დაიწყებს მოსკოვის გამზირის N14-ში მდებარე ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა, სადაც 120 თანამშრომელი იმუშავებს და რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. პოლიციის აღნიშნული შენობა ამ რაიონში რიგით მეექვსეა.

თბილისის მერიამ ახალი განყოფილების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოაწყო; დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო დასასვენებელი სკვერი და დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა. შენობის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაესწრნენ.

2008 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონში ააშენა და აამოქმედა უახლესი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი პოლიციის განყოფილების თვრამეტი ახალი გამჭვირვალე შენობა.

„ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და შემდგომში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. სხვადასხვა რეგიონის ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, როდის იქნება მათთანაც პოლიციის ახალი შენობები. ეს აზროვნების სრულიად ახალი წესია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ შენობის გახსნაზე შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას.

საქინფორმი