საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 სექტემბერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე – „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, ვინაიდან ვერ აწარმოა მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის ეფექტური გამოძიება. სასამართლომ საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დააკისრა არამატერიალური ზიანის, ხოლო 2 500 ევროს ხარჯებისა ასანაზღაურებლად.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აფგან მუხთარლი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty Inrernational-მა მაშინ თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანასთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ ვერ ჩაატარა საქმეზე ეფექტური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება 2017 წლის 30 მაისს, გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). სასამართლომ საქართველო დამნაშავედ ცნო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევაში, თუმცა ამ მუხლების არსებითი ნაწილების დარღვევა ვერ დაადგინა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა. სასამართლომ აზერბაიჯანს 6000 ევროს გადახდა დააკისრა არამატერიალური ზიანის, ხოლო 2500 ევროს გადახდა ხარჯების ასანაზღაურებლად.
ერთობლივ მოსაზრებაში მოსამართლეები სრულად დაეთანხმნენ პალატის დასკვნებს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოში გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენის გამო. მათ პალატა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არასაკმარისი ყურადღება დაეთმო ამ საკითხს, კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირების ზეგავლენას გამოძიებაზე და აზერბაიჯანში განმცხადებლის მიმართ ბრალდებების სანდოობას. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურმა განცხადებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე და დასძინეს, რომ პოლიციელები უფრო იმყოფებიან პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ვიდრე მოსამართლეები, რამაც შესაძლოა გამოძიების მიუკერძოებლობა შეარყიოს.