პოლიტიკა
მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედმა 4 სექტემბერს საქართველოში ვიზიტი დაიწყო. იგი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტი დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილა. მალაიზიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს „ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას აზიისა და ევროპის გასაყარზე“. შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობაზე პარლამენტებს შორის, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების სფეროებში, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესრელიზში.

ამასთანავე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) გასულ წელს საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემის,

5 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) ვიცე-პრეზიდენტთან დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მალაიზიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის, საინვესტიციო გარემოს, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული შესაძლებლობების შესახებ. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და მალაიზიასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის შესაძლებლობებს. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალაიზიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.