აქტუალური
ოპოზიციამ ბოიკოტი ხელოვნურად მოიგონა - კობახიძე

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელოვნურად მოიგონეს ბოიკოტი, რადგან არ სურთ მხარი დაუჭირონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც შეესაბამება სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები და სრული პაკეტი. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.

მათ ხელოვნურად მოიგონეს ბოიკოტი, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში და არ ჰქონოდათ პოზიციის დაფიქსირების საჭიროება“, - განაცხადა კობახიძემ გადაცემა „იმედი-LIVE“-ის ეთერში.

პრემიერის თქმით, ოპოზიციიდან სხდომას ესწრებოდნენ დეპუტატები გახარიას პარტიიდან და მათაც მანიპულაციით თავი აარიდეს.

რატომ? იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებლები არ არიან. მათ ინტერესებშია, იმოქმედონ საზოგადოების ინტერესების და საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, მაგრამ მათ ჰყავთ პატრონი, რომელიც ამის უფლებას არ აძლევს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ისინი ამიტომ ვერ დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც წინასაარჩევნოდაც წაადგებოდათ.

როცა დგამ ნაბიჯს, რომელიც შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს და საზოგადოების დაკვეთას, გაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ეს ყველაფერი არჩევნებში წაგადგება. რატომ ვერ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებლები და რაც მთავარია, ანგარიშვალდებულნი არიან არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი პატრონების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, კანონპროექტის მხარდაჭერა ოპოზიციისთვის ტესტი იქნება.

თუ მათ სურთ, იმოქმედონ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს და საზოგადოების ობიექტურ საჭიროებებს, მაშინ კეთილი ინებონ და მხარი დაუჭირონ იმ კონსტიტუციურ პაკეტს, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი. თუმცა, ისინი ყველანაირად ცდილობენ, თავი აარიდონ ამ კანონპროექტის მხარდაჭერას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.

კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.