რელიგია
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, საპატრიარქოს მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს, მაგრამ საბოლოო რედაქცია კვლავ საპატრიარქოს წარედგინება და თანხმობის შემთხვევაში ჩაიწერება საქართველოს კონსტიტუციაში.

„სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“ და მეორე ქვეპუნქტი შემდეგნაირად რომ ჩამოყალიბდეს: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სულ ერთი სიტყვა ემატება: [ჩანაწერში] „საქართველოს ისტორიას“, რომ დაემატოს „თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრინციპული თანხმობაა“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პირველი შეთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია,

„პირველი შემოთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის ამაღლებისთვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს შემოთავაზებაც არანაირად არ გულისხმობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამენაირად შეზღუდვას მათი მხრიდან.

თუკი ეს სტატუსი მისაღები იქნებოდა, ამავე დროს ჩაიწერებოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულად დამოუკიდებელი - ასეთი შემოთავაზება იყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია, რადგან ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს კონსტიტუციური შეთანხმების სახით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ, სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის - უნიკალურია“, - აღნიშნა ზვიადაძემ.

პროტოპრესვიტერის განცხადებით, 30 აგვისტოს გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ. ხოლო ეკლესიის მხრიდან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯღამაიძე და თავად პროტოპრესვიტერი ესწრებოდნენ.