უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა ОДКБ-ში ყველა დონეზე მონაწილეობა გაყინა და ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება საკმარისად მიგვაჩნია

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთმა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველა ორგანოში გაყინა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ სომხეთმა ОДКБ-ში ყველა დონეზე მონაწილეობა გაყინა და ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება საკმარისად მიგვაჩნია. სხვა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას არ ვხედავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავინახავთ სხვა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას სხვა მომენტში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ვერ დაასახელებს იმ დღეს, როდესაც სომხეთი მთლიანად გამოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან.

შეგახსენებთ, ივნისის შუა რიცხვებში ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ სომხეთი ОДКБ-ს დატოვებას გეგმავს. მისი განმარტებით, ერევანი ამას მაშინ გააკეთებს, როცა საჭიროდ ჩათვლის. თებერვალში ფაშინიანმა ქვეყნის ОДКБ-ის წევრობის გაყინვაზე ისაუბრა, მაისის დასაწყისში კი სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის დაფინანსებას შეწყვეტდა.

interpressnews.ge