პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს რუსეთის ბრალდებას, რომ აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” გეგმავს

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა კატეგორიულად უარყო რუსეთის ბრალდება, რომ აშშ საქართველოში “ფერადი რევოლუციის” მოწყობას გეგმავს. ამასთან, პრეს-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს განვითარებისა და რუსულ აგრესიასთან ბრძოლის მიმართ. ამის შესახებ ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ იუწყება.

ბრალდებები კატეგორიულად მცდარია,” – რაუფოღლუ ციტირებს სახდეპის პრეს-სპიკერს. ჩვენ გვაქვს ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია უფრო მშვიდობიანი, წარმატებული, დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად. 2008 წელს კრემლი საქართველოში შეიჭრა და დღეს ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%. ამავდროულად, იგი აგრძელებს სასტიკ, აგრესიულ ომს უკრაინაში. ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

Globalnews.ge-ის თანახმად, სახდეპის პრეს-სპიკერმა ამ საკითხზე მათი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. პრეს-სპიკერმა მათ ასევე განუცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი “კვლავ ღრმად შეშფოთებულია” მმართველი პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, მათ შორის “ქართული ოცნების” განცხადებით ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, და მოუწოდებს მთავრობას “დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას”.

როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს – ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის პროცესს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს მისი კრიტიკოსების დემონიზება და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას”, – განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა Globalnews.ge-ს.