რელიგია
საპატრიარქო “ქართული ოცნების” სავარაუდო განზრახვას, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს, არ ეთანხმება

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გააჩინა ეჭვები, რომ მმართველი პარტია მართლმადიდებლური ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს და აღნიშნულს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ღერძად აქცევს. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქო, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება აღნიშნულ სავარაუდო კონსტიტუციურ ცვლილებებს, რადგან ეშინია, რომ იგი ეკლესიაზე მთავრობის კონტროლს გაზრდის.

27 აგვისტოს საპატრიარქოში მიტროპოლიტი შიო მუჯირის, პატრიარქის მოსაყდრის, ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული დაგეგმილი სავარაუდო კონსტიტუციური ცვლილებები. საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, საპატრიარქოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება ოფიციალურად დონეზე არ მიუღია, თუმცა შეთავაზება შესაძლოა იყო არაოფიციალურ დონეზე და სწორედ ეს განიხილეს შეხვედრაზე. საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო დასკვნა ეკლესიას ჯერ არ გაუკეთებია და სინოდის შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.

ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებს არეგულირებს 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც ამბობს: “სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.” საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახური და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ადასტურებენ, რომ კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ადრინდელი პოზიცია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები ამ შეთანხმებით რეგულირდებოდეს, არ შეცვლილა და სინოდიც აღნიშნულ პოზიციაზე დგას.

“…[მართლმადიდებლური ქრისტიანობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ძალიან დიდი საფრთხეების შემცველია,” განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა “ფორმულასთან” საუბარში. “საუკეთესო [სისტემა, რაც გვაქვს] არის დღეს, უმაღლესი სტატუსი აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას მხოლოდ თუ გააფუჭებს ადამიანი”, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა ფაჩუაშვილმა ასევე აღნიშნა საბერძნეთის მაგალითი, რომელმაც მართლმადიდებლური ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა: ვერც საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს, ვერც ეპისკოპოსს ეკლესია ვერ დანიშნავს თუ საბერძნეთის პარლამენტმა არ დაადასტურა. განათლების მინისტრმა თუ არ დაადასტურა სამი კვირის განმავლობაში, კანდიდატურას მოხსნიან…ბიუჯეტს სახელმწიფო განსაზღვრავს მთლიანად და ეს იმას ნიშნავს, რომ სრული კონტროლი აქვს დაწესებული…”

მსგავს პოზიციას იზიარებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. “ფორმულასთან” საუბარში მან განაცხადა: საქართველოს ეკლესიას აქვს იგივე პოზიცია, რაც ჰქონდა პატრიარქს ადრე. ხელისუფლებას ძალიან კორექტული და კარგი დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ სფეროში. ამ ეტაპზე კონსტიტუციური შეთანხმების ცვლილებაზე საუბარი სწორი არ არის”.