საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აპირებს.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს ძალიან მკაფიო, ცალსახა ჩანაწერი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, რასაც ბიძინა ივანიშვილი „უმიზნებს, როდესაც ის საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს“.
„ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება. მას შემდეგ, რაც რუსეთის დავალებით ივანიშვილმა საქართველოს წინაშე გახსნილი ევროკავშირის კარი ჩაკეტა და განზრახ მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებაზე შეაჩერა, ივანიშვილი გეგმის შემდგომ ეტაპზე გადადის. ნათელია, რომ ის აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აპირებს. ეს არის გზა აფხაზეთის აღიარების და საქართველოს ღალატის ბიძინას რუსული გეგმისკენ. საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რისთვისაც როგორც თავად ამბობს, მას თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება - ეს არის სწორედ ამ მზაკვრული, მოღალატეობრივი გეგმის ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციაში არის ძალიან მკაფიო, ცალსახა ჩანაწერი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე. სწორედ ამ ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილი უმიზნებს, როდესაც ის საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განმარტებით, „ძლიერ საქართველოს“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი, კონკრეტული გეგმა აქვს.
„ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დაკვეთას ასრულებს. ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან, ასეთი თამაში არის ქვეყნის ღალატი. სწორედ, ამიტომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხდება. დამარცხდება იმიტომ, რომ ის კრემლს ემსახურება, ამ ქვეყნის ოკუპანტს და არა საქართველოს და მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი, კონკრეტული გეგმა გვაქვს. ეს გეგმა, რაც შეიძლება სწრაფად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის. ასევე, ეს გეგმა, რაც შეიძლება სწრაფად ანაკლიის პორტის აშენებაზე გადის. ყველაფერი ეს შექმნის, კონკრეტულ, რეალურ წინაპირობებს მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობიანი რეინტეგრაციის. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველო არის მთლიანი, ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია უკვე, როგორც ამ ქვეყნის კონსტიტუციით, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებით. რამდენიც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი კრემლის დავალებით ამის გადაწერას, მათ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი გამოუვათ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.