სამართალი
კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

კობახიძის განცხადებით, მეფე ერეკლე მეორის თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ქვეყნის ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის განცხადებით, ერეკლე მეორეს ძეგლი, რომლის ესკიზის ავტორიც მოქანდაკე და მხატვარი მერაბ მერაბიშვილია, სამგორის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აღიმართება, სადაც თბილისის მერია პარკის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

ქართველი მეფე ერეკლე მეორე 1720 წელს თეიმურაზ მეორისა და თამარ მეფის (ვახტანგVI-ის ქალიშვილი) ოჯახში დაიბადა. კახეთის ბაგრატიონთა შტოს დინასტიის ბრწყინვალე წარმომადგენელი კახეთის (1744—1762), შემდეგ კი გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე (1762—1798) იყო. ერეკლეს მიზანი იყო ყველა ქართული ფეოდალური სამთავროს გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ, გათავისუფლება ირანულ-თურქული ბატონობისგან და ამიერკავკასიაში საქართველოს პოზიციების გაძლიერება.

ერეკლე მეორე ქართველმა ხალხმა შეიყვარა და „პატარა კახი" უწოდა - იგი იყო დიდი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც კიდევ ერთხელ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი. მისი საბრძოლო ნათლობა 1735 წელს მოხდა, როდესაც იგი 15 წლის იყო. თავისი წინაპრების მსგავსად ერეკლე მეორემ მრავალი გამარჯვება მოიპოვა და ლეგენდად იქცა.

ერეკლე მეფე საქართველოს მეფეთა შორის ერთ-ერთი მრავალშვილიანი იყო, მას 16 ვაჟი და 12 ქალიშვილი ჰყავდა.

„პატარა კახი" ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული.

ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში, 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და ემორჩილებოდა მას საგარეო საკითხებში, ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას და ეკლესიის ავტოკეფალიას.