აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან, გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი მმართველი გუნდის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დავით აღმაშენებლის ქვეყანაში „ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება“ გამოგვიცხადეს.

ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა.

დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება და თან ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ.

ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, ამდენად საშიში რომ არ იყოს. მათ ცესკოს ღობე შემოავლეს, ჩვენ კიდევ 26-ში ისეთი საარჩევნო კედელი უნდა აღვმართოთ, რომელსაც ვერც შესწვდება და ვერც გაარღვევს ათი ივანიშვილიც კი, იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრობს ამაყი, თავისუფლების მოყვარე და მებრძოლი ერი. ამ რწმენამ ჩამომიყვანა, ამიტომ ვარ ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოახდენს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზეც. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.