აქტუალური
საქსტატი: 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 25.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 170.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 491.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა – 2.6-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 3.3-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 46.9 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 112.1 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.6-ჯერ გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის, ისე 6.7-ჯერ მოიმატა ტვირთბრუნვის მოცულობამ.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტები 1 794.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 25.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 24.5 პროცენტით მეტი, 911.4 ათასი მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 26.1 პროცენტით მეტი, 882.7 ათასი მგზავრი.

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.8 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.7 ათასი შეადგინა, რაც 26.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 82.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 18.0 პროცენტი – გაგზავნილი.

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.4-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.