უცხოეთი
პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიებზე სრული კონტროლი ნატო-ს წევრობისთვის სავალდებულო პირობა არ არის

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ჩეხეთის პრეზიდენტის აზრით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არ უნდა იყოს უკრაინის მიერ სრულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაზე დამოკიდებული. ამის შესახებ პეტრ პაველმა ჩეხურ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის ტერიტორიებზე სრული კონტროლი არ არის სავალდებულო პირობა ნატოს წევრობისთვის.

„თუ მოხდება დემარკაცია, თუნდაც რაიმე ადმინისტრაციული საზღვრის, ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ ეს ადმინისტრაციული საზღვარი, როგორც დროებითი და მივიღოთ უკრაინა ნატო-ში იმ ტერიტორიით, რომელსაც ის აკონტროლებს იმ მომენტისთვის“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პაველმა ასევე გაიხსენა გერმანიის შემთხვევა, როდესაც 1955 წელს ის ალიანსში ისე გაწევრიანდა, რომ 1990 წლამდე მისი ტერიტორიები საბჭოთა კავშირის ოკუპაციის ქვეშ იყო.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებობს როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი გამოსავალი, რათა უკრაინას მიეცეს ნატო-ში გაწევრიანების უფლება ნატო-ს რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევის გარეშე“, – თქვა პაველმა. თუმცა იქვე ისიც აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ.

1tv.ge