აქტუალური
მიხაილო ხარიშინი: მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, თუმცა საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა - უკრაინა ვერ დატოვებდა ამას ყურადღების მიღმა

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე.

თუ ობიექტურად შევაფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობას, ეს ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი. უკრაინასთან დაკავშირებით გარკვეული ნეგატიური, თუ გაუგებარი განცხადებების მიუხედავადაც კი, რომლებიც დროდადრო ჟღერს ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის, თუ ასე ვთქვათ, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენ მაღალი დონის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. პირველ რიგში, ეს ეხება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას.

თუკი ახლო წარსულის საკვანძო ფაქტებზე ვსაუბრობთ, 2022 წლის ოქტომბერში, როგორც ცნობილია, უკრაინამ საქართველოს მთავრობისგან მიიღო აგრემანი (თანხმობა) საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის თაობაზე.

როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა. მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე. ამისთვის საჭიროა გარკვეული უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილება, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ბურთი, როგორც ამბობენ, ამჟამად მოედნის ქართულ ნახევარშია“, - განაცხადა მიხაილო ხარიშინიმ.

რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს, როგორც მიხაილო ხარიშინიმ აღნიშნა, უკრაინა, ომის მიუხედავად ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, რათა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები.

მთელმა უკრაინელმა საზოგადოებამ მიზნად დაისახა იყოს ევროკავშირის წევრი. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ამიტომ, ჩემი აზრით, არც ისე სამართლიანი თუ სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ვინმეს რაიმე პრეფერენციებს აძლევენ, ვიღაცას კი არა. თუ ასრულებ წესებს, კლუბის წევრი ხდები, თუ ამ წესების შესრულებას აჭიანურებ, მაშინ ელოდებიან იმ დროს, როცა ეს წესები შესრულდება შენ მიერ. ეს თითოეულის უფლებაა, არავის არავინ ძალით არსად არ შეჰყავს. მენტალურ დონეზე, უკრაინელებს არ აქვთ საკუთარ წარუმატებლობაში ვინმეს დადანაშაულების თვისება, მიუხედავად უკრაინის რთული ისტორიისა. პირიქით, უმეტესად, უკრაინელები საკუთარ თავს ადანაშაულებენ თავის ცოდვებში, და ამასთანავე ყოველთვის მადლობას უხდიან ყველას, ვინც მათ რაიმეთი დაეხმარა. ასეთი ხალხი გვყავს, ასეთია ჩვენი მენტალობა. უკრაინას არც ისე ხიბლავს ის, რომ რომელიმე ქვეყანა, მითუმეტეს უკრაინისთვის ახლო ქვეყანა, აგრესორ ქვეყანასთან რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური დაახლოებაზე მიდის, რომ რომელიმე ქვეყნის მთავრობა თავს არიდებს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების განხორციელებას, მითუმეტეს, როცა ეს სანქციები სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა შემუშავებული. გახსნილად გეტყვით, რომ ქვეყანა ბევრ წლიანი წყვეტის შემდეგ საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ახდენს აგრესორ ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სოლიდარობის პრინციპებს, რომლებზეც დღეს დემოკრატიული სამყარო, ყოველ შემთხვევაში, უკრაინის მოკავშირე ქვეყნები საუბრობენ რუსეთთან და მის აგრესიასთან მიმართებაში.

ამ კონტექსტში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აპრილში, როცა თქვენთან ცნობილი მოვლენები მიმდინარეობდა, მკაფიოდ განაცხადა, სხვა უფლებების გარდა, რომლებიც უნდა დაიცვან ამა თუ იმ ქვეყნებმა, რომლებიც თავს ევროპულად მიიჩნევენ, შედიან ევროპულ სტრუქტურებში, ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება. აქედან გამომდინარე, უკრაინა ვერ დაუჭერს მხარს .. „უცხო ქვეყნის აგენტებისკანონს იმ ფორმით, როგორითაც ის არის. ეს კანონი, როგორც მინიმუმ, უნდა გადაიხედოს, ანდა საერთოდ გაუქმდეს, როგორც ამას გთავაზობთ ევროპული ქვეყნების უმრავლესობა“, - განაცხადა მიხაილო ხარიშინიმ.