საზოგადოება
მამუკა მდინარაძე: ქუდზე კაცი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ აგენტმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი, „ქართულმა ოცნებამ“ კი საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ქუდზე კაცი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ, ერთი მხრივ, აგენტმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აგენტურული პარტიების მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვა საქართველოს წინსვლას არ გამოადგება.

ერთ დეტალს გაგიმხელთ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 80% არის მოტივირებული, რომ არჩევნებზე მივიდეს. 20%, ძალიან ბევრჯერ ამოდის ხოლმე, რომ არჩევნებზე არ მიდის. ანუ „ქართული ოცნების“ ყოველი მე-5 ამომრჩეველი შეიძლება არჩევნებზე არ მივიდეს. ეს ცალკე კატასტროფა იქნება და ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ უმრავლესობის რესურსი გვაქვს, მაგრამ ამ შანსს მოკლავს ყოველი მე-5 ამომრჩევლის არმოსვლა. ამიტომ ქუდზე კაცი უნდა მივიდეს და ეს უზრუნველყოფს, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ეპოტინებიან საარჩევნო ბარიერს, შანსი გამოეცლებათ და ჩვენ საშუალება მოგვეცემა, საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. მაგალითად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი კი არ მივიღოთ, რასაც შემოდგომაზე გავაკეთებთ, არამედ კონსტიტუციითაც გავამყაროთ ეს ყველაფერი.

ეს არ არის ის მონაცემი, რითიც მე ან „ქართული ოცნების“ ლიდერი ან წარმომადგენელი დამშვიდდებოდა, პირიქით, იქ არის მონაცემები, რომ შესაძლოა, რამდენიმე აგენტურულმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, რაც არის კატასტროფა და საქართველოს ღირსეულ წინსვლას ეს არ გამოადგება. ქუდზე კაცი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ, ერთი მხრივ, ამ აგენტმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი და, მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა პოზიტიურობისკენ კიდევ უფრო შეიცვალოს ქვეყნის ისტორია, სულიერი და ფიზიკური გადარჩენის უპირველესი და უპირატესი ამოცანა აღსრულდეს და შემდეგ განვაგრძოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.