საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ექვსი ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, კიდევ ექვსი ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქ ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ქალაქ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ახალი კატარღები დაათვალიერებინა და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო.

თანამედროვე კატარღები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება და ეფექტურია როგორც ზღვაში, ასევე მდინარეში სამაშველო-საძიებო მოქმედებების დროს. კატარღები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირების საშუალებები“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.