საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო-აზერბაიჯანმა მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის სამართავად ერთობლივი კომპანია შექმნეს. ინფორმაცია BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს კომპანია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ცნობით, კომპანიამ ერთობლივი საწარმო ქართულ BTKI Railways-თან ერთად დააარსა. ერთობლივი კომპანია მარაბდა-კარწახის ინფრასტრუქტურის მართვას ჩაიბარებს, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზისა და ამ ხაზით სარკინიგზო გადაზიდვებს მოიცავს.
„კომპანიის ფარგლებში აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა რეგიონალური სატრანსპორტო კავშირის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, კერძოდ კი შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდა. სამუშაოები 1,5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო.
აღსანიშნია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.