პოლიტიკა
გივი მიქანაძე: აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად ჩატარდება, თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, ის კანონის ფარგლებში დადგება

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ჰაიდი ტალიავინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და მის ანგარიშშიც წერია, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებებმა გარკვეულწილად სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს რუსულ ძალებს, რომ შემოსულიყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე. ამაზე მძიმე ჩანაწერი რა უნდა იყოს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ბევრი კითხვის ნიშანია, რატომ მოეწერა ხელი დასკვნას, რომელიც საქართველოს სამართლიანობას არ ასახავდა, რატომ დაიკარგა მტკიცებულებები ან რატომ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რათა ჰაიდი ტალიავინის დასკვნა არ ყოფილიყო განსხვავებული იმისგან, რაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებად მიიღო და ჰააგის სასამართლომ დაადგინა?

გივი მიქანაძის განმარტებით, ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება და არჩევნების შემდეგ აუცილებლად ჩატარდება გამოძიება.

მარტივი კითხვა შემიძლია დავსვა: რატომ შედგა ჰაიდი ტალიავინის, რომელიც ევროკავშირს წარმოადგენდა მაშინ და სწავლობდა მომხდარ მოვლენებს, დასკვნა, რომელიც 180 გრადუსით განსხვავდება იმ გადაწყვეტილებებისგან, რაც სტრასბურგის და ჰააგის შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს? ჰაიდი ტალიავინის დასკვნაში და რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ, „რადიო თავისუფლებასთან“ მის ინტერვიუში ცალსახად იკვეთება კონკრეტული პოზიციები. მათ შორის, ჩვენთვის რაც ყველაზე მძიმეა, ჰაიდი ტალიავინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, და მის ანგარიშშიც წერია, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებებმა გარკვეულწილად სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს რუსულ ძალებს, რომ შემოსულიყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე. ამაზე მძიმე ჩანაწერი რა უნდა იყოს? დაკსვნაში ასევე წერია, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის საწინააღმდეგოდ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებები, მათ შორის, ისკანდერის რაკეტის ნაწილები სადღაც გაქრა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წლები დასჭირდა ამ მტკიცებულებების შესაგროვებლად და საერთაშორისო დონეზე შესაბამისი დავის საწარმოებლად, რათა 2021 წლის სტრასბურგის, ჩვენთვის ისტორიული, გადაწყვეტილება და შემდგომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგარიყო. ეს ყველაფერი ცალსახად მიუთითებს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია დაგროვილი, რატომ მოეწერა ხელი იმ დასკვნას, რომელიც საქართველოს სამართლიანობას არ ასახავდა, რატომ დაიკარგა მტკიცებულებები ან რატომ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ჰაიდი ტალიავინის დასკვნა არ ყოფილიყო განსხვავებული იმისგან, რაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებად მიიღო და ჰააგის სასამართლომ დაადგინა? ამიტომაც არის საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ, პასუხი უნდა გაეცეს ამ კითხვებს. ამას სჭირდება სიღრმისეული შესწავლა და გამოძიება აუცილებლად ჩატარდება. ეს იქნება საზოგადოებისთვის დეტალურად ინფორმირებული პროცესი. შესაბამისად, თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, ეს პასუხისმგებლობა კანონის ფარგლებში დადგება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის შეფასებით, ჰაიდი ტალიავინის ინტერვიუში უმძიმეს ფაქტებზეა აქცენტები.

გაჩნდა ძალიან ბევრი შეკითხვა, რადგან ვინც ამ ინტერვიუს წიაკითხავს ან მოისმენს, ცალსახად დარწმუნდება, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შერჩეული სტრატეგია, რაღაც პროცესი ისე წარემართა, რომ გადაეფარა ანტისახელმწიფოებრივი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მოღალატეობრივი ნაბიჯები, რომლებიც იკვეთება დასკვნიდან და იმ პასუხებიდან, რაც ჰაიდი ტალიავინმა გასცა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰაიდი ტალიავინი როდესაც ამ გამოძიებას ეწეოდა, წარმოადგენდა ევროკავშირს და ევროკავშირის ეგიდით მოქმედებდა. შესაბამისად, ამ დასკვნას ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსულმა მხარემაც მოაწერა ხელი. ელემენტარულად, არ უნდა გაჩნდეს კითხვა, რომ რუსულმა მხარემ თუ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, ე.ი. იქ რაღაც ისეთი არის ჩადებული, რაც რუსული მხარისთვის მისაღებია? ჩვენ როდესაც ვეცნობით ამ დასკვნას და ვუსმენთ პასუხებს, რაც ჰაიდი ტალიავინმა რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლებას“ დაუფიქსირა, უმძიმეს ფაქტებზე გვესმის აქცენტები. რეალურად, ეს ყველაფერი აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის იმ სამართლიანობასთან, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალიან დიდი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა სტრასბურგის სასაართლოსა და ჰააგაში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.