საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დანიშნულმა ელჩმა გარეთ უორდმა 13 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. მან ამ პოსტზე მარკ კლეიტონი შეცვალა, რომელიც ელჩის პოსტს 2020 წლიდან იკავებდა.
„მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ და რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორის ურთიერთობების ფართო სპექტრს. ამასთან, მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. „მოუთმენლად ველი საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივ მუშაობას ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში!”, - დაწერა მან ტვიტერზე.
ახალმა ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს „გულთბილი მიღებისთვის“ და დაწერა ტვიტერზე, რომ ორმხრივი ურთიერთობები „მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხებისთვის, ეკონომიკური ზრდის, საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობისა და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“.
„შევეცდები გავაძლიერო ჩვენი თანამშრომლობა ევრო-ატლანტიკურ გზაზე“, – დასძინა ელჩმა ქართულ ენაზე.
გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში 1996 წლიდან მუშაობს. 2018 წლის აგვისტოდან 2022 წლის ივლისამდე მას ვიეტნამში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობა ეკავა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, 2014-2017 წლებში უორდს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატის დირექტორის მოადგილისა და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობები ეკავა. 2010 -2013 წლებში იგი დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული იყო სანკტ-პეტერბურგში. დიპლომატიურ სამსახურში მუშაობა მან 1998 წლიდან დაიწყო, როდესაც ბრიტანეთის საელჩოში მოსკოვში მეორე პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.