საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 1.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (9.4%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (4.3%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.4%-იანი ზრდა); და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (2.8%-იანი ზრდა).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (1.4%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.7%-იანი კლება); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.1%-იანი კლება).
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22.5%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.7%); ყავა, ჩაი და კაკაო (4.9%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5%); ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.8%), პური და პურპროდუქტები (-2.5%).