საზოგადოება
ტელეანძის მმართველი კომპანია „გოლდენ-კომი“ გახდა

golden_komკომპანია „გოლდენ-კომი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატელევიზიო ანძას ოთხი წლის განმავლობაში მართავს.

შპს „გოლდენ-კომი“, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა სატელევიზიო ანძის მართვის უფლების მოსაპოვებლად ელექტრონული აუქციონის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღმაშენებლის ხეივნის მე-5 კმ-ის იურიდიულ მისამართზე განთავსებული „გოლდენ კომის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ვასილ ბოლაშვილია. რეესტრის მონაცემებით, ეს პიროვნება მანამდე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ. ვასილ ბოლაშვილი იძებნება იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2010 წელს ფულადი შემოწირულობა გადასცეს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ, რომელმაც მართვის უფლება 110 ათას ლარად მოიპოვა, აქამდე ანძის მფლობელ შპს „ალფა-კომს“ (ყოფილი „საქართველოს ტელერადიოცენტრი“) პროფილი უნდა შეუნარჩუნოს და 12 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

„მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება და დაინერგება დღეს არარსებული ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს 1 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში.

„აუქციონის შედეგად თბილისის სატელევიზიო ანძა არ გაყიდულა“, – აცხადებს სამინისტრო.

სატელევიზიო ანძა 2007 წლამდე იმ სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შედიოდა, რომლის გაყიდვაც აკრძალული იყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ალფა-კომის“ დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარს შეადგენს, ხოლო კრედიტორული – 2 917 158,59 ლარს.

მედიააქტივისტებისა და ჟურნალისტების ჯგუფმა, რომელსაც რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსიც შეუერთდა, აქციები გამართეს პროცესის გამჭვირვალობის მოთხოვნით.

 

საქინფორმი