დღეს, 2 აგვისტოს, წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღეა. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესვე, 20:00 საათზე, გადახდილი იქნება პარაკლისი წმიდა სამების ტაძრის ზემოთ მდებარე წმიდა ელიას მთაზე, სადაც სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.წინასწარმეტყველი ილია (ელია) თეზბიტელი ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია ლევიტელთა ტომიდან, რომელიც ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინათ ცხოვრობდა. ზედწოდება „თეზბიტელი“ მისი მშობლიური ქალაქის – თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი – მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეკლესიის სწავლებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს. საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
ეკლესიამ ილია მართლის ხსენების დღედაც 2 აგვისტო დააწესა. დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხილია წმინდანად, სახელით – წმიდა ილია მართალი.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივი ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას საქართველოს დამშვიდებისა და გამთლიანებისათვის.
საქინფორმი