საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესებენ სანქციებს, გააგზავნიან შეიარაღებას უკრაინაში და მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა ამომრჩეველმა ოპოზიციის საარჩევნო ბანერებზე უნდა ამოიკითხოს ის, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირებაა ომი.
„რამდენიმე დღის წინ ჩავატარე ბრიფინგი, სადაც მოგიყვანეთ ციტატები, თუ როგორ ითხოვდა ოპოზიცია საქართველოს სახელმწიფოსგან სხვადასხვა ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც გულისხმობდა ესკალაციაში შესვლას რუსეთთან. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას ორგანიზებულად სახელმწიფოს მხრიდან, იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, საზღვრების ჩაკეტვას რუსეთთან, სანქციების დაწესებას, სავიზო რეჟიმის შემოღებას, ჰაერის დაკეტვას, ცის დაკეტვას საერთოდ, პირდაპირი რეისების დახურვას და ა.შ. ისინი ამას, რასაც ითხოვდნენ, ეს არის მათი, ჩათვალეთ, წინასაარჩევნო დაპირება, რომ როგორც კი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განახორციელებენ. მეორე დღესვე ისინი დაიწყებენ ორგანიზებას მებრძოლებისა, რათა გაიგზავნონ უკრაინაში, ისინი იფიქრებენ იარაღის მიწოდებაზე უკრაინისთვის, ისინი ჩაკეტავენ ცას, დაკეტავენ საზღვრებს, შემოიღებენ სავიზო შეზღუდვებს და ა.შ. ეს მათ კანონპროექტების დონეზე აქვთ წარმოდგენილი პარლამენტში და დევს პარლამენტში. ერთი კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კანონად აქციონ და ეს შეზღუდვები დააწესონ. რა თქმა უნდა, წინა ბრიფინგზეც ამაზე ვსაუბრობდი, რომ ეს ნაბიჯი გულისხმობს ესკალაციაში შესვლას რუსეთთან და ესკალაციის ბოლო რაც არის, ამ ქვეყანას არაერთხელ უნახავს – სულ მცირე, ეს იქნება ეკონომიკური კატასტროფა და კრიზისი საქართველოსთვის და, დიდი ალბათობით, ეს იქნება ცხელი ომი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესებენ სანქციებს, გააგზავნიან შეიარაღებას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერს იმას, რასაც ისინი ჩვენ გვსაყვედურობენ, რა თქმა უნდა, გააკეთებენ და მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში. ეს არის მათი წინასაარჩევნო დაპირება და ასე შეხედოს ყველა მოქალაქემ მათ წინასაარჩევნო ბანერებს. ის უნდა ამოიკითხონ, რომ ისინი ქართველ ხალხს ჰპირდებიან ომს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.