უცხოეთი
ევროკავშირის საბჭომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში პირველი დახმარება დაამტკიცა

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

„პირველად, ევროკავშირმა გადაწყვიტა სომხეთის მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან. ამ დახმარების მიზანია სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესება. ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის მიერ განლაგებულებში. კონკრეტულად, მიღებული დახმარების ღონისძიება საშუალებას მისცემს ბატალიონის ზომის ქვედანაყოფისთვის სრულფასოვანი განლაგებული კარვების ბანაკის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია საბჭოს პრესრელიზში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უსაფრთხოება სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების სულ უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება.

„ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ეს ზომა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის მდგრადობას. ჩვენ გვაქვს ორმხრივი ინტერესი, გავაფართოოთ ჩვენი დიალოგი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ასევე განვიხილოთ სომხეთის სამომავლო მონაწილეობა ევროკავშირის ხელმძღვანელობით მისიებში და ოპერაციებში“, - აცხადებს ბორელი.

ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული მხარდაჭერა ევროკავშირის სომხეთთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და მიზნად ისახავს სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას.

interpressnews.ge