პოლიტიკა
მეორე ფრონტის მაგივრად - ორ ფრონტზე თამაში: ტრამპმა და ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია ერთდროულად გახსნეს

   ახალი ოფისი - ძველი სახეები

   16 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნით და შევარდნაძე-სააკაშვილის ძველი ცნობადი სახეების მიწვევით, რაც განამტკიცებს აზრს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაც დიდი ხნის დაკომპლექტებული და უცვლელია. როგორც ჩანს, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე 100 დღით ადრე ივანიშვილმა ახალ საკადრო ექსპერიმენტებს თავი აარიდა და არჩევანი ძველი, საქმეში უკვე შემოწმებული გუნდის სასარგებლოდ გააკეთა, რომელსაც გვერდში ყველანაირად დაუდგება.

ადამიანი ნიღბით

თავად ივანიშვილი ახალი ოფისის პრეზენტაციაზე სამედიცინო ნიღბით გამოჩნდა, როგორც კორონავირუსის დროს, რათა თავი დაეცვა პარაზიტებისა და სიკოფანტებისაგან, რომლებიც საკოცნელად და ხელჩასაკიდებლად იწევდნენ. ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, იმ პუბლიკაციასაც იცნობს, რომელშიც ვაცხადებდი, რომ გლობალისტების სამიზნეში ფიცოსა და რაისის კვალდაკვალ თავადაც შეიძლება მოხვედრილიყო ორბანთან და ტრამპთან ერთად, რომელიც გასულ კვირას პენსილვანიაში დაიფარა ღმერთმა. ეს როგორც ნასროლი ტყვიით, ისე მოწამლვით შეიძლება მოხდეს - ხელის ჩამორთმევითაც, როგორც პატარკაციშვილი ლეტერხედში მოკლეს, ან აეროზოლით მოწამლული ნივთიერების შესუნთქვით, იმავე ინგლისში სკრიპალებს რომ დაემართა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ „გლობალური ომის პარტიად“ სახელდებული ძალების სამიზნეში მხოლოდ ეროვნული ცნობიერების მატარებელი ლიდერები ხდებიან, რომლებსაც თავის სამშობლოში ტრადიციული სახელმწიფოს ხილვა სურთ. ივანიშვილი აშკარად უშლის ხელს გლობალისტების გეგმებს საქართველოში, რადგანაც სააკაშვილი უცხოური ძალების გავლენის აგენტი იყო, მოსყიდული და მორჩილი, ხოლო მილიარდერმა ივანიშვილმა ეს სისტემა შეცვლა. მან კონკურენცია გაუწია დასავლურ გრანტებს და ამით ამომრჩეველიც მიიმხრო. მაგრამ გლობალისტებს ივანიშვილის მოსაშორებლად არც ისე ბევრი დრო დარჩათ — ტრამპის ინაუგურაციამდე და უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებამდე.

ტრამპა-ცუმპა ბატლერიდან მილუოკამდე

ივანიშვილი კარგად იყოს და, არ არის გამორიცხული, ტრამპზე თავდასხმა კვლავ განხორციელდეს. საყოველთაო ტრამპა-ცუმპის ფონზე შეერთებულ შტატებში ყურადღებიდან კვლავაც არ უნდა გამორჩეთ ის თვალსაჩინო მინიშნებები, რომლებიც ტრამპზე თავდასხმას უძღოდა. ჯერ იყო და ხუთი დღით ადრე, 8 ივლისს, ბაიდენმა ამოსცრა კბილებიდან — ტრამპი მიზანში უნდა ამოვიღოთო, მეორე დღეს ვიქტორია ნულანდმა დააბრეხვა - არ სჯერა ტრამპის გაპრეზიდენტების და თუ პუტინი ამაზე ამყარებს იმედებს, უსიამოვნო სიურპრიზი ელისო. და ყველაზე საგანგაშო - 20 წლის მსროლელი ტომას კრუქსი ტრამპზე განხორციელებული ტერაქტის წინ დაუფარავად აცხადებდა, რომ 13 ივლისს მისი პრემიერა შედგებოდა! უფრო მეტიც, ამერიკის მომავალი პრეზიდენტის პოტენციური მკვლელი, ზურჩანთაში თოფით და მანძილის ოპტიკური გამზომით ხელში, თავისუფლად მიმოდიოდა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერის იმ მოედანზე, საიდანაც ტრამპს აუდიტორიისათვის უნდა მიემართა. მაგრამ საჯარო გამოსვლისას საბედისწერო მომენტში ტრამპმა მკვეთრად მოატრიალა თავი, რითიც სიკვდილსაც დაუძვრა და 5 ნოემბრამდე ლამის 4 თვით ადრე ამერიკის პირველკაცობაც გაინაღდა.

მეორე ფრონტის მაგივრად - ორ ფრონტზე თამაში

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, 10 დღით უსწრებს ამერიკის პრეზიდენტის 5 ნოემბრის არჩევნებს, ამიტომაც დონალდ ტრამპმა საუკეთესო შესაძლებლობა მისცა ბიძინა ივანიშვილს, საგარეო და საშინაო პოლიტიკა უკვე ცნობილი აშშ-ის პრეზიდენტის ფაქტორის გათვალისწინებით გაატაროს. მილიარდერმა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია 16 ივლისს, მილიარდერ ტრამპთან ერთდროულად, შემთხვევით როდი გახსნა, მისი პოლიტიკაა მეორე ფრონტის მაგივრად - ორი მიმართულებით მოძრაობა, როგორც დასავლეთისკენ, ამერიკისა და ევროპის, ასევე აღმოსავლეთის, შუა აზიისა და პირველ რიგში, ჩინეთისკენ.

სამი ტრამპისტი - სამი „ტანკისტი“ ანტიგლობალისტი

   არსებობს კიდევ ერთი ფრიად ყურადსაღები გარემოება, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე საგანგაშო პროცესების ფონზე (ჯგუფტაშირისდამფუძნებელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი აპირებს, გამოყოს 100 მილიონ დოლარზე მეტი მთიანი ყარაბაღის ლტოლვილთათვის აფხაზეთში სახლების შესაძენად) შესაძლებლობას აძლევს ბიძინა ივანიშვილს ერთბაშად და წინსწრებით გადაჭრას მთავარი პრობლემები. 16 ივლისს მილოუკში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, სადაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, სცენაზე სამი ანტიგლობალისტი „ტანკისტი“ იდგა: თავად ტრამპი, რომელიც, მისივე სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „საუკეთესოდ ეწყობა პუტინს“; აშშ-ის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი - ოჰაიოს შტატის სენატორი და ჯეი ვენსი, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და პუტინთან შერიგების გულმხურვალე მომხრეა; ლეგენდარული ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი — პუტინთან გახმაურებული ინტერვიუს ავტორი და მისი მეგონარი, რომელსაც ტრამპმა ჯერ კიდევ შარშან შესთავაზა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, თუკი უარს იტყოდა ჟურნალისტურ საქმიანობაზე.

   სწორედ ამ სულისკვეთებას იზიარებდა ივანიშვილის 16 ივლისის თეზისებიც — რომ საქართველო ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომ ჩინეთი საუკეთესო შანსია საქართველოს გაბრწყინებისათვის და რომ უკრაინაში ომის დასრულება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგთან. ამის თაობაზე ჩვენმა მკითხველმა ერთხელ უკვე შეიტყო „მავანისაგან“, თუმცა, განსხვავებით ძლიერთაგან ამა ქვეყნისა,მომავალ მოვლენათა მოდელირების ამბიცია არ გამაჩნია და მხოლოდ ამ მოვლენების პროგნოზს გთავაზობთ. მაგრამ, თუ დავუჯერებთ „პეპლის ეფექტის“ თეორიას, ნებისმიერმა წამოსროლილმა სიტყვამაც შესაძლოა, გამოიწვიოს გლობალური მოვლენები დედამიწის ათასობით კილომეტრით მოშორებულ წერტილში.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმისგენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

 2024 წლის 20 ივლისი
საქართველო, თბილისი