უცხოეთი
ილჰამ ალიევი - ერთი მხრივ, ევროპა გვთხოვს გაზის წარმოების გაზრდას და ევროპაში ტრანსპორტირებას, რადგან ეს სერიოზულად სჭირდებათ, მეორე მხრივ, არ აფინანსებენ

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. ერთი მხრივ, ევროპა გვთხოვს გაზის წარმოების გაზრდას და ევროპაში ტრანსპორტირებას, რადგან მათ ეს სერიოზულად სჭირდებათ, მეორე მხრივ, არ აფინანსებენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

„მათ უნდათ, რომ სამხრეთ გაზის დერეფანი გავაფართოოთ, 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე, საუბარია ტრანსანატოლიურ მილსადენზე. მოდით, გავზარდოთ ტრანსადრიატიკული მილსადენი 10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. იქ მილიარდების ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. შემიძლია ვთქვა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში ჩვენი ინვესტიციის სრული სარგებელი ჯერ არ მიგვიღია. ისინი ჩვენგან იქ მილიარდების ინვესტიციას ელოდებიან. ამასთან, ამბობენ, რომ ათ წელიწადში ევროკავშირს გაზი აღარ დასჭირდება. მაშ, ჩვენ სულელები ვართ ათეულობით მილიარდი დოლარის ინვესტირება განვახორციელოთ გაზში, რომელიც მათ არ დასჭირდებათ?!“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-თან ურთიერთობებზე და თქვა, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაციებთან ქვეყნის ურთიერთობები იყო წარმატებული და შედეგებზე ორიენტირებული.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის დროს. ისინი აგებული იყო ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთდახმარებაზე. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ყოველთვის სტაბილური იყო. Გახლდათ გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობებსაც და თქვა, რომ საკითხები, რომლებიც რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში გადაწყვეტას მოითხოვს, დიდი ხანია, აღარ არსებობს.

1tv.ge